ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი 2015 წლის ზაფხულის შემდეგ პირველად გაიზარდა 65 დოლარამდე, რაც გაერთიანებული სამეფოს ჩრდილოეთის ზღვის მთავარი, ფორტისის ნავთობსადენის დროებითი დახურვის შედეგია. ამან გავლენა შავი ოქროს გლობალურ ფასებზე იქონია.

დეკემბერში ფორტისის დღიური გამტარუნარიანობა 406 000 ბარელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის ერთ-ერთ მონაკვეთზე სერვისმა ბზარები აღმოაჩინა, რის გამოც, ნავთობსადენი რემონტზე დაიხურა. ეს ამ ნავთობსადენზე პირველი საგანგებო სიტუაციაა რამდენიმე წლის განმავლობაში.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 92 ცენტით გაიზარდა და 65.61 დოლარს მიაღწია. ბოლოს ამ მარკის ნავთობის ფასი 65 დოლარზე მაღლა 2015 წლის ივნისში იყო. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი მხოლოდ 31 ცენტით, 58.30 დოლარამდე გაიზარდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ნავთობსადენის მუშაობა. ამ სიტუაციაში, ბაზარზე სადავეები „ხარებს“ (ზრდაზე მომუშავე ინვესტორებს) უპყრიათ და შესაბამისად, სიტუაციის გარკვევამდე უპირატესობა მათ ექნებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ნვთობის ფასის შემდგომ ზრდას სოლიდური პერსპექტივა აქვს.

ფორტისის ნავთობსადენი გლობალური ბაზრისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მასში გატარებული ნედლი ნავთობი განსაზღვრავს ბრენტის მარკის ფასს.

ფორტისზე შეფერხების გარდა, ნავთობის ფასს ზრდისკენ ის გარემოებაც უბიძგებს, რომ ამერიკის ნავთობმარაგების შევსებაც შეფერხებულია. პროგნოზის შესაბამისად, ამერიკული მარაგი 3.8 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ კლება ზედიზედ მეოთხე კვირას გაგრძელდება.

ბრენტის და ამერიკული მარკის ნავთობის ფასებს შორის განსხვავების ზრდას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ამერიკაში ნავთობის წარმოება განუხრელად იზრდება. ამის გამო, ფასებს შორის სხვაობა 7 დოლარზე მეტია. ასეთი სხვაობა კი უკვე ორ წელიწადზე მეტია, არ დაფიქსირებულა.