თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს მერიის მიერ საახალწლოდ გამოყოფილი 2 მილიონ 700 000 ლარის მიზნობრიობის შესწავლას სთხოვს , - ამის შესახებ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, რაც დედაქალაქის მერიამ საახალწლო განათებისათვის მილანურ კომპანიასთან 3 მილიონი ლარის ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა, აღნიშნულის შემდეგ კახა კალაძემ 6 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, მან ასევე ტენდერის გარეშე საახალწლო ღონისძიებებისთვის 2 700 000 ლარის დამატება მოითხოვა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თანხიდან 566 000 ლარი მხოლოდ სარეკლამო მომსახურებისთვის დაიხარჯება. მაშინ, როდესაც 1,18 ლარი ეზედმეტა ქალაქის მერს და მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველებს 1,13 ლარით გამოკვებავენ, ამ დროს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა საახალწლო ღონისძიებების მხოლოდ რეკლამისათვის მიგვაჩნია არაადეკვატურად. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ ბრძანების შესაბამისად დაიწყოს მოკვლევა, რამდენად ადეკვატურია 2 700 000 ლარის დახარჯვა საახალწლო ღონისძიებებზე და ხომ არ გვაქვს საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან. თბილისს არ აქვს იმის ფუფუნება და საშუალება, 566 000 ლარი სარეკლამო მომსახურებისთვის გამოყოს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.