თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მგზავრთა კომფორტული მომსახურების მიზნით, დედაქალაქს სამი სამარშრუტო ხაზი ემატება.
ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ როდესაც წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა, ყველა რაიონში ვიმყოფებოდი და ერთი და იგივე პრობლემები გვხვდებოდა. ეს იყოს ის, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა ან თუ მოძრაობდა, იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან დიდი ლოდინი უწევდათ. მე მესმის, რომ სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტის თვალსაზრისით - მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსების არსებული ავტოპარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები. ერთი, რომ დისკომფორტს ქმნის მგზავრებისთვის და მეორე ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სანამ ჩანაცვლება მოხდება, ვცდილობთ, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ იმ ტრანსპორტით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ახალი მარშრუტი #54 დაემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობას და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოხდება კიდევ ერთი დამატებითი ავტობუსის დამატება. ეს არის # 82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ლიდინი, სანამ ავტობუსი გამოუვლიდათ. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას. ასევე იხსნება ახალი მარშრუტი # 64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით,"- განაცხადა კალაძემ.