ხეების მოჭრის საკომპენსაციო თანხების დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკას გამოვიყენებთ , - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბითაძის ინფორმაციით, საკომპენსაციო თანხები მწვანე ნარგავების მოსავლელად იქნება მიმართული.
"ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ გაცემულია გარკვეული ტიპის ნებართვები და სუბიექტებს აქვთ საკომპენსაციო თანხები გადახდილი. შესაბამისად, მრავალფეროვანია ის მიმართულებები, რომელზეც სამართლებრივ ჭრილში მოგვიწევს მუშაობა. პირველი დავალება, რაც ჩვენ მერისგან მივიღეთ, საკომპენსაციო თანხების გაზრდაა. ვფიქრობთ, ამ მხრივ გარკვეულ მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტშიც მოვიპოვებთ. თანხები გაიზრდება იმდენად, რომ ეკოღირებულება ამ ხეების მოჭრისა აღდგეს. საკომპენსაციო თანხები მიმართული იქნება მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ საკომპენსაციო თანხების დადგენისას გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა. ეს დამატებით შემაფერხებელი იქნება ხეების მოჭრის მსურველებისთვის. ეს საკომპენსაციო თახა გამოიყენება ზიანის დაანგარიშებისთვის და ხეების უკანონო ჭრასთან მიმართებით. ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მწვანე ნარგავების ჭრის შესაძლებლობა. მეორე ღონისძიებად გამოყენებული იქნება გადარგვა, რომლის მეთოდოლგიას შევიმუშავებთ. მესამე და უკიდურეს შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი საკომპენსაციო თანხების გადახდა," - განაცხადა ბითაძემ.