თბილისს სამი ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვცდილობთ, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ იმ ტრანსპორტით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ახალი მარშრუტი #54 დაემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობას და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოხდება კიდევ ერთი დამატებითი ავტობუსის დამატება. ეს არის # 82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ლოდინი, სანამ ავტობუსი გამოუვლიდათ. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას. ასევე იხსნება ახალი მარშრუტი # 64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით,"- განაცხადა კალაძემ.