„კომუნალური ტარიფების დაწესება კომპანიების ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“

„მნიშვნელოვანია, რომ კომუნალური ტარიფების დადგენა კომპანიების განვითარების ხარჯზე არ მოხდეს“,- ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა ენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების შესახებ შემუშავებული კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომპანიების მიერ გაწეული ყველა ხარჯის ტარიფში ასახვა სემეკ-ის მხრიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს.

„გამჭვირვალე და ეფექტური სატარიფო რეგულირება, ტარიფების დაწესების პროცესში მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიების ინტერესების დაცვას. ერთ-ერთი ძირითადი და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების განვითარების ხარჯზე არ მოხდეს კომუნალური ტარიფების დადგენა. შესაბამისად, სწორედ კომპანიების განვითარება და მათი გამართულად მუშაობა უნდა იყოს მარეგულირებელი კომისიის მოქმედების მთავარი ამოსავალი. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია სწორედ აღნიშნული საკითხი გახლავთ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არის დაბალი ტარიფების შენარჩუნება, მაშინ შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს მიზნობრივი ჯგუფებისთვის კომუნალური ტარიფების სუბსიდირება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე“, - განაცხადა გვიდიანმა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევაში სემეკის მიერ რეგულირებული სამივე სექტორის ტარიფების ანალიზია განხილული. იხილეთ ლინკი