სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ 10 თვეში წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა.
„სწორედ 4.9 პროცენტია ჩვენი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისათვის. მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც. ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ფონდი კონსერვატიულ პროგნოზებს აკეთებს (რასაც 2017 წლის მაჩვენებლებიც მოწმობს) და „რეალურად, ჩვენი მოლოდინია, რომ უფრო მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მივაღწევთ“.
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლის შედეგიც, მოხდება ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია, ზრდის დაჩქარება, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაზე,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.