ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25%-ით შემცირდება.
როგორც ბახტაძემ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე განაცხადა, ბიუროკრატული ხარჯები 2017 წელს 140 მილიონი ლარით უკვე შემცირდა.
„თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან არის სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარი. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება ზომა სახელმწიფოსა და მთავრობის მშპ-სთან მიმართებაში. თქვენ თუ დამისახელებთ წარმატებულ მაგალითებს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან მოხარული ვიქნები. ეს ციფრი საკმაოდ დიდია“, - განაცხადა ბახტაძემ.