კონკურენციის სააგენტო შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევის დაწყების ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას 30 დღის ვადაში მიიღებს , - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს.
„კონკურენციის სააგენტომ საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნა მოპასუხე მხარეებს, საპასუხო პოზიციის წარმოდგენის მიზნით, როგორც ამას ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი. კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საჩივარს 30 დღის ვადაში შეისწავლის და მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მოკვლევაზე უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც მომჩივანს დაუყოვნებლივ ეცნობება“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს გია გაჩეჩილაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება ის თანამდებობიდან გადადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა.