როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი წელს მესამედაც გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონემდე ზრდის პროცესი ოდნავ შენელდა, ფედრეზერვმა მაინც არ შეცვალა მის მიერ დასახული კურსი, რომელიც წელს განაკვეთის სამჯერ გაზრდას ითვალისწინებდა.
ღია ბაზრის ფედრალური კომიტეტის (FOMC) გადაწყვეტილებით, განაკვეთი 0.25 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად 1.25-1.5 პროცენტის ფარგლებშია. უფრო მეტიც, მომავალი წლის გეგმაშიც განაკვეთის სამჯერ აწევაა. ანუ, მომავალი წლის ბოლოს, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 2.0-2.25 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.
ფედრეზერვის მიერ განსაზღვრული, ინფლაციის მიზნობრივი დონე 2-2.8 პროცენტის ფარგლებშია. ამ დიაპაზონში, ეკონომიკის ზრდის ტემპი ყველაზე ოპტიმალურია. მაგრამ ინფლაცია ჯერაც შორსაა მისი ქვედა ზღვრისგანაც. ამის გამო, ფედრეზერვის რამდენიმე წევრი მიიჩნევს, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ახლანდელი ტემპით ზრდა სასურველი არაა. თუმცა FOMC-ის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეკონომიკის ბოლოს გამოქვეყნებული დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლები განაკვეთის ზრდის საშუალებას იძლევა.
ფედრეზერვი თვლის, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკის რისკები დაბალანსებულია. ამასთან, კომიტეტი კვლავ დააკვირდება ინფლაციის ზრდის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში, თავის მონეტარულ პოლიტიკაში კორექტივებს შეიტანს.
FOMC-მა მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, 2.4-დან 2.5 პროცენტამდე აწია. მომავალი წლის პროგნოზიც 2.5-პროცენტიან ზრდას ვარაუდობს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტია. წელს საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 1.7 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 0.1-ით მეტია წინა პროგნოზზე. 2018 და 2019 წლებისთვის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 1.9 და 2.0 პროცენტია.