ე.წ. ჩაის დატოვების ტრადიცია ინგლისში დაიბადა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
თუმცა, ამ ტრადიციის მიმართ კლიენტების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია - ზოგი გულუხვია, ზოგს კი მიაჩნია, რომ არ არის ვალდებული მომსახურებისთვის დამატებითი ფული გადაიხადოს.
„ჩაის“ ტრადიციას საფუძველი XVI საუკუნის ინგლისში ჩაეყარა. სწორედ მაშინ დაიბადა ინგლისელებში ჩაის სმის კულტურა და თუ სტუმრები ღამე რჩებოდნენ მასპინძლებთან, ისინი დილას ფულს უტოვებდნენ ოჯახის მოსამსახურე პერსონალს.
ჩაის ფენომენი ამოუხსნელია ეკონომისტებისთვის. ისინის ფიქრობენ, რომ კანონით არ ვართ ვალდებული დამატებით გადავიხადოთ თანხა და ეს ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ინტერესს.
თუ თქვენ ბევრს მოგზაურობთ, გეცოდინებათ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს განსხვავებული წესები. აშშ-ში მიღებულია მიმტანს ანგარიშის 15-25% დაუტოვო „ჩაიზე“, ბრაზილიაში - 10%, შვედეთში კი 5%-10%.
„ჩაის“ კულტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთში არსებული წესებისგან. ამის ნათელი მაგალითია იაპონია, სადაც როგორც წესი „ჩაის“ საერთოდ არ ტოვებენ და თუ მაგიდაზე მონეტა დატოვეთ, დიდი ალბათობით მიმტანი უკან აგედევნებათ და მაგიდაზე „დავიწყებულ“ თანხას უკან დაგიბრუნდებთ.
„კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნებში რომლებმაც ექსტრავერსიის შკალის მიხედვით მაღალი ქულები მიიღეს, უფრო გულუხვები არიან“ - აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კვების მენეჯმენტის პროფესორი, მაიკლ ლინი. „ჩაის“ დატოვების პრაქტიკა მისი შესწავლის სფეროა.
როგორც პროფესორი აცხადებს, ეროვნული ხასიათის სპეციფიური მახასიათებლები არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არის მიღებული ზოგიერთ ქვეყანაში სხვისი შრომისთვის გადაიხადო ზედმეტი. აქ დიდ როლს თამაშობს სოციალური ნორმები, განსხვავება ხელფასებში, ასევე დამატებით გადახდის ტრადიცია. გარდა ამისა, თუ როგორ მუშაობს „ჩაის“ პრაქტიკა, ამაზე გავლენის მოხდენა სხვა კულტურებსაც შეუძლია. 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ადამიანები იცვლიდნენ ჩვევებს და „ჩაიზე“ უფრო მეტ თანხას ტოვებდნენ.
„დამატებითი ფულადი ჯილდოს პრაქტიკა, პირველ რიგში უპირობო კავშირშია ეკონომიკასთან, მაგრამ მას საფუძვლად უდევს სოციალური ნორმები“ - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ედვარდ მენსფილდი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.
პროფესორ ლინის აზრით, არსებობს განსაზღვრული მიზეზები, რომელიც გვაიძულებს ჩაის დატოვებას. ეს შეიძლება იყო პერსონალის უკეთ მომსახურების მოტივირება შემდეგ ჯერზე, ან მადლიერების გამოხატვა კარგი სამსახურისთვის, ან გარშემომყოფთა მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვება. თუმცა, როგორც ლინის კვლევამ აჩვენა, ამის ძირითადი მიზეზია - დავიცვათ დამყარებული წესები და თავი ავარიდოთ განკითხვას.
მიზეზები, რომლის გამოც ჩვენ ვტოვებთ „ჩაის“, განსაზღვრავენ თუ როდის და რა მომსახურებისთვის ვართ მზად გადავიხადოთ დამატებითი ფული.
მაგალითად, ისინი, ვისთვისაც „ჩაის“ დატოვება მისი სოციალური სტატუსის ხაზგასმაა, ხშირად ტოვებენ მას მომსახურებისთვის, რომლისთვისაც არ არის მიღებული დამატებითი თანხის დატოვება, მაგალითად, ავტომექანიკოსოსთვის ან ვეტერინარისთვის.
ისინი კი, ვისთვისაც მთავარი მოტივი პერსონალის მიმართ მადლიერების გამოხატვაა, „ჩაის„ უტოვებენ ყველა პროფესიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ხშირად არ იღებს „ჩაის“.
ხოლო ისინი, ვინც „ჩაის“ ტოვებენ მოვალეობის მიზნით, ამას აკეთებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უბრალოდ მიღებული წესია - მაგალითად, მანქანის პარკინგის დროს.
„ზოგჯერ რესტორნები თავად უთითებენ მენიუში სასურველ „ჩაის“, რომელიც შესაძლოა 20%-ს აღწევდეს. ამ ტიპის მოთხოვნა კი ხშირ შემთხვევაში კლიენტების უკურეაქციას იწვევს და სავსებით შესაძლებელია მათ საერთოდ არ დატოვონ „ჩაი“. თუმცა, ისინი, ვინც მაინც ტოვებენ „ჩაის“, ტოვებენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს რეკომენდებულია ანგარიშში - შედეგად კი მიმტანები იღებენ მნიშვნელოვან ჯილდოს“,- აცხადებს პროფესორი ლინი და დასძენს, რომ შეიძლება თუ არა ეს პრაქტიკა ჩავთვალოთ სამართლიანად, დამოკიდებულია იმაზე თუ რა კუთხით შევხედავთ მას.
„ჩაის“ აკრძალვით უპირობოდ მოგებული რჩება მხოლოდ სახელმწიფო, რომელიც ვერ აკონტროლებს ამ თანხას და ვერ ბეგრავს მას.
„მაგალითისთვის, ნიუ იორკის რესტორნებში მომუშავე მიმტანები საათში დაახლოებით 30 დოლარს გამოიმუშავებენ, მაშინ როდესაც იმავე რესტორანში მზარეული მათზე ორჯერ ნაკლებს. გამოდის, რომ „ჩაი“ მიმტანების ხელფასს არასამართლიანად მაღალს ხდის, მაგრამ რესტორატორის აზრით, ეს იძლევა შესაძლებლობას ნაკლები გადაუხადონ მიმტანებს და შესაბამისად, დააწესონ დაბალი ფასები მენიუზე,“ - აცხადებს ლინი.
მეორე მხრივ, დაწესებულებების მფლობელებს არ აქვთ „ჩაის“ სისტემაში ჩახედვის „გასაღები“ და შესაბამისად ვერ გადაანაწილებენ მას დაწესებულების თანამშრომლებზე თანაბრად.
„ჩაის“ წარმოების პოლიტიკა ასევე გავლენას ახდენს კლიენტების დამოკიდებულებაზე. კვლევამ აჩვენა, რომ რესტორნები, სადაც ჩაის თანხა მიწერილი იყო ანგარიშზე, ონლაინ რეიტინგებში დაბალ შეფასებებს იღებენ.
ლინის განცხადებით, „ჩაის“ შეთავაზებით კლიენტები იმედოვნებენ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება. გარდა ამისა, იმ რესტორნებში, სადაც „ჩაი“ ცალკე არ არის მითითებული, მას ხშირად წერენ ანგარიშში, ან გაწერილია მენიუს ფასებში, რაც ზრდის ფასებს და ბუნებრივია, არ მოწონს მომხმარებელს.
ეს წესი არ ვრცელდება პრემიუმ კლასის რესტორნებზე. ელიტურ რესტორნებს, რომლებმაც მომსახურება ფასებში გაწერეს, ამის გამო კლიენტები არ დაუკარგავთ.
„საქმე ის არის, რომ ძვირიან რესტორნებში მომსახურება ისედაც გარანტირებულად მაღალ დონეზე უნდა იყოს, იქაც კი, სადაც „ჩაი“ არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ელიტური რესტორნები, როგორც წესი, არ არის დიდი ზომის, და მათში ერთი მიმტანი ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება, შესაბამისად, ხელმძღვანელობას უადვილდება გააკონტროლოს მიმტანების მომსახურების კეთილსინდისიერება,“ - აცხადებს პროფესორი ლინი.
გარდა ამისა, მსგავსი დაწესებულების შეძლებულ კლიენტებს, როგორც წესი, არ აღელვებთ შედარებით მაღალი ფასი. ამასთან, ისინი ხშირად მოგზაურობენ სხვა ქვეყნებში და არ უკვირთ, რომ ასეთ რესტორნებში თანხას ანგარიშის შესაბმისად, ზუსტად იხდიან.
კოკა კვირკველია