„მომეჩვენა, რომ შესყიდვების სააგენტოს განცხადება არის აღიარებითი ჩვენება“ ,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, სახელმწიფო ტენდერებში კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის (უცნობი) და მისი სიძის კომპანიის, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებების პასუხად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებას.
„შინაარსობრივ საკითხს რაც შეეხება, კატეგორიული ვერ ვიქნები, რადგან არ ვიცნობ ამ საქმეს, თუმცა ყოვლად სკანდალური განცხადება გააკეთა შესყიდვების სააგენტომ და მომეჩვენა რომ ეს არის აღიარებითი ჩვენება. თვითონ აქვთ აღწერილი რომ „სიტროენმა“ ორჯერ შეიტანა განცხადება დავების საბჭოში, სადაც ორივე შემთხვევაში დააკმაყოფილეს განაცხადი, თუმცა შესყიდვების სააგენტომ ორივეჯერ ისევ უარყოფითი დასკვნა გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ორივე შემთხვევაში უარყოფითი დასკვნა სხვადასხვა მიზეზით გამოიტანა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული უწყება საბაბს ეძებდა თუ როგორ ეთქვა უარი ამ კომპანიისთვის,“-განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) სახელმწიფო ტენდერებში არსებულ კარტელურ გარიგებებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ამაში მთავრობის მოქმედი თუ ყოფილი წევრები მონაწილეობენ. მისივე თქმით, სწორედ ამ გარიგების გამო მოხდა ხელოვნურად მისი სიძის კომპანიის „სიტროენ ჯორჯიას“ სახელმწიფო ტენდერიდან დისკვალიფიკაცია.
აღნიშნული ბრალდებების პასუხად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ: „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომს მიერ 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ 1 723 170 ლარიან ტენდერში შპს „სიტროენ ჯორჯიას“ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო მიეცა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. მისი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სატენდერო კომისიას სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა დაევალა. თუმცა, ამის შემდეგ სატენდერო კომისიის მიერ „სიტროენ ჯორჯიას“ კვლავ დისკვალიფიკაცია მიეცა, ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. კომპანიამ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და დავების საბჭომ მისი საჩივარი ისევ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საბოლოოდ კი, „სიტროენ ჯორჯიას“ სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო მიეცა“.