MyDay - სტარტაპი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეებს გაგიფერადებთ

MyDay - სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიაა, რომელიც ორმა მეგობარმა მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი დღეების გაფერადების სურვილით რამდენიმე თვის წინ გახსნა.

მაღაზიის მფლობელები სოფო კვანტალიანი და მარიამ წერეთელი არიან, რომელთა თქმითაც, სტარტაპის დაწყების მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი პროდუქციის შეთავაზება იყო.

უფრო დეტალურად, კომპანიის ისტორიაზე, გეგმებსა და იმ პროდუქტებზე, რასაც MyDay მოქალაქეებს სთავაზობს, „ბიზნესპრესნიუსი“ მაღაზიის ერთ-ერთ დამფუძნებელს მარიამ წერეთელს ესაუბრა.

bpn„ჩვენი მიზანი იყო განსაკუთრებული, ფერადი, ნებისმიერ ასაკსა და გემოვნებაზე მორგებული, ძალიან კომფორტული მაღაზიის შექმნა, რომელიც მომხმარებელს დასამახსოვრებელ პროდუქციასა და მომსახურებას შესთავაზებდა. თავიდან MyDay-ის სულ რაღაც 45 კვადრატული მეტრის ფართი ეკავა, დღეს კი უკვე 180 კვადრატული მეტრით არის წარმოდგენილი”.

მაღაზია მომხმარებელს დაახლოებით 2 000-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს. კერძოდ, მაღაზიაში მრავალფეროვანი დეკორაციებისა და აქსესუარების, მათ შორის ბავშვების საყვარელი გმირების დეკორაციების, ფერადი ერთჯერადი ჭურჭლის, წინა საქორწილო წვეულების აქსესუარების, ე.წ baby-shower-ისა და მრგვალი თარიღებისათვის დეკორატიული აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, MyDay-ში მომხმარებელს უამრავი ფერის ბუშტების, დროშა ბანერების, ფერადი კვამლების, სხვადასხვა ფერისა და ზომის შუშხუნების, ფოიერვერკების, ფრანების, სადღესასწაულო კოსტუმების და სხვა აქსესუარების შეძენა შეუძლია.

bpn

„ეს არის MyDay Workshop მიმართულება, რომელიც აერთიანებს როგორც საკუთარ, ისე გარეშე ძალებს და ერთიანად ვქმნით ხელნაკეთ ორიგინალურ აქსესუარებს, რომელიც მომხმარებლებში ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ასევე გვაქვს მიწოდების სერვისი დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველ ადამიანს სიურპრიზი ნებისმიერ დროსა და ადგილზე მოუწყოს,“- ამბობს მარიამი.

რაც შეეხება ფასებს, მარიამ წერეთლის თქმით, პირველივე დღიდან მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მაღაზია და შესაბამისად, ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

bpn

მისივე თქმით, საქმის წამოწყება მარტივი არ ყოფილა და არც ახლა არის. Myday პროექტ „სტარტაპერის“ მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც ხელსაყრელი საბანკო სერვისებით, ტრეინინგებით თუ მედიამხარდაჭერის კომპონენტით უკვე ისარგებლეს.

მარიამ წერეთელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში თბილისში მეორე მაღაზიის გახსნაც იგეგმება.

„უახლოეს პერიოდში თბილისში მეორე MyDay-ს გამოჩენას ვგეგმავთ. ამასთან, მომდევნო წლის დასაწყისიდან მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შევთავაზებთ, მათ შორის იგეგმება უნიკალური მიმართულებები, რაზეც უფრო ვრცლად საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, “-ამბობს სტარტაპერი.

თაია არდოტელი