რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეკორდულად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რასაც საოცარი გარემო და მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განაპირობებს.

შესაბამისად, იზრდება ინვესტორების დაინტერესებაც და საქართველოს მასშტაბით, ოთხივე სამთო-სათხილამური კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია-ჰაწვალი) მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - ამის შესახებ "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი გვესაუბრება.

- რა სიახლეები ელოდებათ წელს ზამთრის კურორტებზე ჩასულ დამსვენებლებს?

- 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში დასრულდა და მას 23 დეკემბერს ოფიციალურად გავხსნით. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის, 6-კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის ფირმის. მისი სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სვანეთში, კერძოდ კი, მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში, აშენდა მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ამასთან:

პირველად ბაკურიანის ისტორიაში გაკეთდა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო გზა

კურორტ მიტარბს დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა

ბაკურიანში, კინოთეატრ "დიდველში" მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, სადაც მომხმარებელი გაიგებს ყველა იმ სიახლეს, რაც იმ პერიოდში ხდება სამივე სათხილამურო არეალში

სეზონზე კურორტ გოდერძის დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, მოეწყობა საბავშვო არეალი

- რამდენ ტურისტს ელოდებით სეზონზე და რამდენი იყო გასულ წელს?

- ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან და მათგან მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას ჯავშნების შესახებ. გუდაურის მაგალითზე რომ გითხრათ, დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია. იანვრის ბოლოს კი ჯავშნების რაოდენობა 60%-ს აჭარბებს. ანალოგიური ვითარებაა კურორტ ბაკურიანში და სვანეთში.

რაც შეეხება გასულ წელს, 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონი საუკეთესო იყო. ამ პერიოდში კურორტ გუდაურში 276 634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 37%-ით, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობამ 59%-ით მოიმატა.

2016-2017 წლის სეზონზე ბაკურიანს 115 317 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით, ხოლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა 58%-ით იყო მომატებული. წელს გვინდა, გავაუმჯობესოთ წინა წლის რეკორდი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, და იმედია, თოვლიც ხელს შეგვიწყობს. იხილეთ გაგრძელება