ბაზარზე ახალი ქართული სამკურნალო ტკბილეული გამოჩნდა

ადგილობრივ ბაზარზე ახალი ქართული ტკბილეული „ჯანი“ გამოჩნდა.

როგორც ტკბილეულის მწარმოებელი, დავით ყუბრაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროდუქტი თაფლის, ნიგვზის, ქიშმიშის, გარგარისა და ქლიავის ჩირისგან მზადდება.

„პროდუქტი ბაზარზე დაახლოებით 3 თვეა გამოჩნდა. „ჯანის“ ტკბილეულის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისსა და რუსთავშია შესაძლებელი, თუმცა, გვინდა რომ პროდუქცია თბილისშიც შევიტანოთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტკბილეულს სასარგებლო თვისებებიც აქვს - ხელს უწყობს სისხლნაკლებობის, გულსისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას, ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის და ა.შ. ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია, თუმცა სამომავლოდ გაფართოება და მეტი ადამიანის დასაქმებაც იგეგმება,“- განაცხადა ყუბრაშვილმა.

მისივე თქმით, „ჯანის“ ტკბილეულს ქუთაისში, შპს „დეზი“ აწარმოებს. რაც შეეხება ნედლეულს, ნაწილი თავად მოყავთ, ნაწილის შეძენა კი ადგილობრივი ფერმერებისგან ხდება.

„ჯანი“ ბაზარზე 220 და 350 გრამიანი ქილებით არის წარმოდგენილი და მისი ფასი დაახლოებით 8-11 ლარია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა ქართული ტკბილეული ექსპორტზეც გავიდეს. კერძოდ, როგორც დავით ყუბრაშვილი აცხადებს, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი, ახალი წლიდან პროდუქციის ამერიკაში გატანას გეგმავს.