მსოფლიო კინოინდუსტრია ახალი რეკორდის მოლოდინშია

14 დეკემბერის საღამოს, მსოფლიოს წამყვან კინოთეატრებში წლის ყველაზე მსხვილი ბლოკბასტერის, „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაის“ პრემიერა შედგა.

„ჯორჯ ლუკასის მორიგი ფილმის უქმეების საშემოსავლო პროგნოზი საკმაოდ მაღალია და 400-440 მილიონი დოლარის ფარგლებშია ნავარაუდევი, აქედან 200-220 მილიონი მხოლოდ ამერიკაზე მოდის. მთავარი ინტრიგა კი იმაშია, თუ რამდენად შეძლებს ის მისი წინამორბედის - „ვარკსვლავური ომები: ძალის გამოღვიძების“ რეკორდის მოხსნას. ეს უკანასკნელი ამერიკის კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, მან 2015 წლის დეკემბერში სადებიუტო უქმეებზე 532.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო სულ რაღაც ორ კვირაში მისი გლობალური შემოსავლები მილიარდს გასცდა. ასე მოკლე დროში ამდენი შემოსავლის მიღება ვერც მანამდე და ვერც შემდეგ, ვერცერთმა ფილმმა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, მან ორ მილიარდზე მეტი დოლარის „სალარო“ მიიღო და გახდა რიგით მესამე ფილმი კინოინდუსტრიაში, რომელმაც ეს მოახერხა „ავატარისა“ და „ტიტანიკის“ შემდეგ.

რაც შეეხება ამ კვირის სიახლეს, მიუხედავად იმისა, რომ „უკანასკნელმა ჯედაიმ“ მიიღო კრიტიკოსების კეთილგანწყობა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ის ვერ შეძლებს „ძალის გამოღვიძების“ რეკორდის დამხობას, თუმცა ნამდვილად გამოაცოცხლებს მიმდინარე წლის მოდუნებულ ამერიკის კინოინდუსტრიას, რომლის შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება.

ფილმის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით იმდენად მაღალია, რომ საპრემიერო დღეს მისი ფანების რიგები იდგა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების უმსხვილეს კინოდარბაზებთან. მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩიზა საკმაო პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც, kinoafisha.ge-ზე პარასკევის სეანსებზე ძალიან დიდი ინტერესი არ იგრძნობა, მაგრამ ეს შეგვიძლია ავხსნათ იმითაც, რომ ფილმი ჯერ არ არის გამოსული ქართული გახმოვანებით და ის ამ საპრემიერო უქმეებზე მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზეა ნაჩვენები, ეს კი ერთგვარი შემაკავებელია ახალგაზრდა ქართული პუბლიკისთვის.

კოკა კვირკველია