„სიძველის ნიშნები - ლპობის სუნი, ობის ჩანართები, ძვლები დაფარულია ლორწოვანი გარსით...“ - ეს ლაბორატორიის დასკვნის ნაწილია, სადაც სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებული თევზი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა კვლევისთვის მიიტანა.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ზოგიერთ მაღაზიაში თევზის შენახვის პირობები სათანადოდ არ არის დაცული, შესაბამისად დიდია რისკი იმისა, რომ მომხმარებელმა საკვებად უვარგისი, ან სულაც საფრთხის შემცველი თევზი და თევზის პროდუქტები შეიძინოს.
ვახტანგ კობალაძე, „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი:
- მხოლოდ ბოლო თვეებში აღმოჩენილ დარღვევებს შორის ორი შემთხვევა უნდა გამოვყო - ორივე დარღვევა მომხმარებელთა საჩივრის საფუძველზე აღმოვაჩინეთ. მაღაზიაში გაფუჭებული თევზი იყდებოდა, რომლის საკვებად გამოყენებას მყიდველის მოწამვლა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ მაღაზიაში საკვებად უვარგისი თევზი იყიდებოდა. ორივე შემთხვევაში ლაბორატორიამაც დაადასტურა, რომ თევზი მოხმარებისთვის გამოუსადეგარი იყო. ჩვენ მაშინვე დავაგზავნეთ წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და ამ მაღაზიებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ობიექტები შეამოწმეს და გაფუჭებული თევზი ვეღარ აღმოაჩინეს. მაღაზიის მესვეურებმა გაფუჭებული პროდუქტი საჩქაროდ ამოიღეს ქსელიდან და ამის შესახებ თვითონ მოგვწერეს.
შემოწმდა თევზის საწარმო, საიდანაც ეს პროდუქტი მაღაზია შევიდა და იქაც დარღვევები აღმოჩნდა. შემოწმების დროს იქ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. მკითხველს განვუმარტავ, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობა არის საწარმოში აღმოჩენილი ისეთი დარღვევა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, რადგან ამის გამო პროდუქცია შეიძლება დაბინძურდეს. ასეთი შეუსაბამობის აღმოჩენისას არ არის აუცილებელი საწარმოს დახურვა. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, მისი აღმოჩენის დროს საწარმომ საქმიანობა მთლიანად, ან ნაწილობრივ მაინც უნდა შეაჩეროს - მანამ, სანამ ამ დარღვევას არ გამოასწორებს. ამ შემთხვევაში თევზის საწარმოში მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა. სად, რომელ რგოლში დაზიანდა თევზი, ამის გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი თევზი? - ამ შეკითხვით სურსათის ექსპერტს - ეთერ სარჯველაძეს მივმართეთ.
ეთერ სარჯველაძე:
- თევზი ჩვენს რაციონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რადგან მასში არაერთი სასარგებლო ნივთიერება შედის. ამიტომ, კარგია, რომ მარხვის პერიოდში თევზის მიღება დასაშვებია. ეს ადვილად ასათვისებელი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს საჭირო კალორიებით ამარაგებს, ხოლო თევზის ქონი ერთ-ერთი შეუცვლელი ელემენტია ბავშვთა რაციონში. იმის გამო, რომ თევზი უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ის ძალზე სწრაფად ფუჭდება, ამიტომ შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. დაჭერის შემდეგ ის სათანადო ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს - კერძოდ, მინუს 10-12 გრადუსზე. (შესაძლოა უფრო დაბალ ტემპერატურაზეც) ეს პირობა ყველა სავაჭრო ობიექტმა უნდა დაიცვას.თევზი თავდაპირველად შიგნიდან ზიანდება, ამიტომ ვიზუალურად ძნელი შესამჩნევია რამდენად ხარისხიანია ის. არსებობს რამდენიმე „ოქროს წესი“ თევზის ხარისხის შესამოწმებლად: პირველ რიგში ეტიკეტს და შენახვის ვადას უნდა მიაქციოთ ყურადღება. თევზი შეიძლება გაყინული იყოს, შორი მანძილიდან ჩამოიტანონ, მაგრამ სათანადო ნორმებს აკმაყოფილებდეს. ყველაზე რთული გაყინული თევზის შემოწმებაა, რადგან მას ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ როცა გალღვება, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ - თუ მასში დაზიანების პროცესი მიდის, თევზი ძალიან რბილი იქნება, თითის დაჭერით კი მის ზედაპირზე ორმო წარმოიქმნება, რომელიც კარგა ხანს არ გასწორდება. გარდა ამისა, თევზს ჩავარდნილი თვალები არ უნდა ჰქონდეს და ქერცლი ადვილად არ უნდა სცილდებოდეს. როცა ნედლ თევზს ყიდულობთ, ეს ყველაფერი უფრო იოლი შესამოწმებელია, გაყინულ თევზზე კი, ამ ყველაფრის შემჩნევა რთულია. თუ თევზის ხარისხი არ მოგეწონებათ, ის უკან უნდა დააბრუნოთ - იმ მაღაზიაში, სადაც შეიძინეთ, ოღონდ შესყიდვის ქვითარი არ უნდა გადააგდოთ - ეს ძალიან კარგი საბუთია, რომელიც სიმართლის დამტკიცებაში და თანხის უკან დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
თუ წუნდებული პროდუქცია შეიძინეთ, მაშინვე უნდა განაცხადოთ ამის შესახებ, რადგან 2-3 დღის შემდეგ თქვენს საჩივარს ძალა აღარ ექნება. ამიტომაც უნდა მოერიდოთ შემთხვევით ადგილებში გაყინული თევზის შეძენას. რაც შეეხება ცოცხალ თევზს, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ: როგორ ცურავს, ან ზედაპირზე ხომ არ ტივტივებს. ცოცხალი თევზის შეძენის დროსაც ყურადღება გვმართებს - ხომ შეიძლება რომელიმე მათგანი დაავადებული იყოს? თევზის ხარისხის შემოწმება საკმაოდ რთული საქმეა და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს, ამიტომ ამ ტვირთის მთლიანად მომხმარებელზე გადაბარება არ შეიძლება. ასეთი მალფუჭებადი პროდუქტები შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეამოწმონ. მათ ხარისხსა და უვნებლობაზე პასუხისმგებლობაც ამ უწყებებმა უნდა აიღონ.
ხათუნა ჩიგოგიძე