„მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება , - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანია ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.
ორგანიზაციის მკვლევარის, მამუკა ანდღულაძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხები.
„უპირველეს ყოვლისა, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება. "ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს. ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს", - განაცხადა ანდღულაძემ.
მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს ბადებს.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე. გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ-მინისტთან,
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი “ჰეროკრატია” გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა", - განაცხადა ანდღულაძემ.