საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკა გაუმჭვირვალეა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მკვლევარმა მამუკა ანდღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “ჯი-დი-ეს”-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ როგორც წამყვანი მენეჯმენტის, ასევე ჟურნალისტის პოზიციებზე.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. “გაბერილი კადრების” პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერც ერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა.
გარდა ამისა, ანდღულაძის თქმით, ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი.
"მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო
გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო;
გარდა ამისა, ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები გარკვეული დროით შეჩერდა და მათი ნაწილი დღესაც არ გადის ეთერში. ეს შესაძლოა, არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას.
გარდა ამისა, პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა, საბჭო სათანადოდ არ რეაგირებს პრიორიტეტების
შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით", - განაცხადა ანდღულაძემ.