საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგზაო ტექნიკით - გრეიდერით სარგებლობის სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უკანონოდ გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.