თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იმ სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, სადაც მუშა გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე, რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.