"ზურაბ პატარაძემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი „ოცნების“ აქტივისტებთან ერთად დახარჯა, ნაბახუსევზე 4 ტონა მინერალური წყალი მიირთვა"

ზურაბ პატარაძემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი მეგობრებსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად დახარჯა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა ლაშა ადამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლაშა ადამია ამბობს, მათ წარმომადგენლობითი ხარჯები შეისწავლეს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი მეგობრებსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად დახარჯა. ამის შემდეგ ნაბახუსევზე 4 ტონა მინერალური წყალი მიირთვა. ეს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საჯარო ინფორმაციას მალავს, არ ასაჯაროებს მას, რადგანც კონკრეტული ფაქტები არსებობს, როდესაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ბიუჯეტის ფულით არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა. საჯარო ინფორმაცია სრულად არ არის მოწოდებული და ჩვენც ამდენი შეკითხვები არ გვექნებოდა, მაგრამ თავმჯდომარემ წერილი მოგვწერა, რომლის თანახმადაც ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ერთი კითხვა გამიჩნდა: სხვა სამინისტროები და ყოფილი თავმჯდომარე რატომ გვაწვდიდა იგივე პერსონალურ მონაცემებს? ფაქტია, რომ პატარაძე ინფორმაციას მალავს და აშკარაა, რომ ამ სარესტორნო ხარჯებს მეგობრებსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ახმარს. 10 თვის განმავლობაში 144 ათასი ლარია დახარჯული, აქედან წარმომადგენლობით ხარჯი კი 100 ათას ლარზე მეტია“,- აცხადებს ლაშა ადამია.