მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ულიუკაევი მექრთამეობაში ბრალდებულად ცნო , სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 130 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ულიუკაევის ბრალი მდგომარეობს იმაში, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მან ქრთამი აიღო“, - განაცხადა მოსამართლე ლარისა სემიონოვამ.
პროკურატურა სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.
გამოძიების ვერსიით, მან კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელის იგორ სეჩინისგან კომპანია „ბაშნეფტის“ ყიდვისთვის საჭირო დასკვნის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. ულიუკაევი კი ამტკიცებს, რომ სეჩინი მას ღვინის ჩუქებას დაპირდა და ფულით სავსე ჩანთაში მას სწორედ ღვინის ბოთლები ეგულებოდა.