იაპონია და სამხრეთ კორეა „რიპლის“ ქსელის გამოყენებას იწყებენ

იაპონიის და სამხრეთ კორეის ბანკებმა, დღეს ამერიკულ კომპანია „რიპლის“ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ექსპერიმენტული გამოყენება დაიწყეს. მათი მიზანი, საერთაშორისო გადარიცხვებისას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლაა.

„რიპლის“ ტექნოლოგია, გადარიცხვების სწრაფად და იაფად შესრულების საშუალებას იძლევა, რაც ბანკებს დიდ მოგებას მოუტანს, მათ კლიენტებს კი სოლიდურ თანხებს და დროს დააზოგინებს.

„რიპლის“ სისტემით საერთაშორისო გადარიცხვების წამებში შესრულებაა შესაძლებელი, როცა თანამედროვე გადარიცხვების სისტემებით, ამავე პროცესს შეიძლება დღეზე მეტიც დასჭირდეს. გარდა ამისა, შეუდარებლად მცირდება გადარიცხვის ფასი. საერთო ჯამში, ბანკებს ამ სისტემის გამოყენებით, ხარჯების 30 პროცენტით დაზოგვის საშუალება მიეცემათ.

ექსპერიმენტში ჩართული 61 იაპონური ბანკის საქმიანობას კომპანია „SBI რიპლ ეიჟა“ გააკონტროლებს, რომელიც „SBI ჰოლდინგსის“ ნაწილია. კორეული ბანკების კოორდინაციას კი „დეილი ინტელიჯენტსი“ გაწევს, რომელიც ბლოკჩეინის გადაწყვეტებში გაწაფული კომპანიაა. ტესტებში ჩართულია ბევრი იაპონური და კორეული ფინანსური ინსტიტუცია, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა „სუმიტომო მიცუი ბანკინგ კორპორეიშნი“ და „რესონა ბანკი“.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით გადარიცხვების შესრულებისას, აღარაა საჭირო ცენტრალიზებული ოპერაციები და მხოლოდ ამ პროცესის მონაწილე ორი სუბიექტის დადასტურება ჰყოფნის. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს გადარიცხვის დაჩქარებას.

თუ ექსპერიმენტი შეფერხების გარეშე ჩატარდება, მაშინ იაპონიასა და კორეას შორის ახალი ტექნოლოგიით ფინანსების გადარიცხვა პირველად ადრე გაზაფხულზე შესრულდება. გადარიცხვისას ბანკები „რიპლის“ ციფრულ ვალუტა XRP-ს გამოიყენებენ, რაც პროცესის ღირებულებას, ჩვეულებრივ გადარიცხვასთან შედარებით, დაახლოებით 60 პროცენტით შეკვეცავს.

იაპონურ ბანკებს უკვე შემუშავებული აქვთ სისტემები, რომლებიც ბლოკჩეინის ბაზაზე, უცხოურ ფილიალებში შიდასაბანკო გადარიცხვის საშუალებას იძლევა. შესაბამის ექსპერიმენტებს ისინი 31 იანვრამდე დაიწყებენ.

ცნობისათვის, „რიპლის“ ბლოკჩეინის ქსელს ერთი თვის წინ ისეთი გიგანტი შეუერთდა, როგორიც „ამერიკენ ექსპრესია“. მანამდე იმავე ქსელში უკვე ჩართულები არიან „ბენკ ოფ ამერიკა“, „სანტანდერი“, „კრედიტ აგრიკოლი“, „სტანდარდ ჩარტერედ“, RBC, „უესტპაკი“ და სხვა გიგანტები.