პარლამენტის ავტომობილებს პარლამენტართან დაკავშირებული კომპანია დააზღვევს

საქართველოს პარლამენტის აპარატის კუთვნილი ავტომობილების სადაზღვევო მომსახურებას სს „პსპ დაზღვევა“ გასწევს.

საუბარია, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 94 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო მომსახურებაზე.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით პარლამენტის აპარატმა ტენდერი 31 ოქტომბერს გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან კი ხელშეკრულება 11 დეკემბერს გაფორმდა.

სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 215 ათასი ლარი იყო. „პსპ დაზღვევას“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 189 808 ლარია.

საჯარო რეესტრის 30 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, “პსპ დაზღვევას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ოქრიაშვილია, რომელიც პარლამენტის დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის კუთვნილი შპს „პსპ ფარმას“ 95%-იანი წილის მმართველია. ცნობისთვის, „პსპ ფარმას“ 5-იან წილს თენგიზ ჯამელაშვილი ფლობს.