„ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიით ჩვენ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებს ვამარაგებთ“ ,- ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, ჩვენი ქსელი ფაქტობრივად ვერ იყენებს, რადგან 100%-ით აფხაზეთის ენერგომომარაგებაში მიემართება.
„ენგურჰესი“ სიტყვიერი შეთანხმებით გაყოფილია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. აფხაზეთში არ მოქმედებს გამრიცხველიანების სისტემა, არ არის გაზი და მთელი რეგიონი მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო, თუმცა, ყველაზე რთულ მომენტებში მის ენერგომომარაგებაში ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიემართება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მოხმარება კატასტროფიულად იზრდება, ჩვენ მიერ მიწოდებული ენგურის რესურსიც აღარ გვყოფნის და შარშან ზამთარს აფხაზეთის მომარაგებისთვის ელექტროენერგია რუსეთიდან ვიყიდეთ. რაც ასევე ცალკე პრობლემაა და პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია - უნდა ვახდენდეთ თუ არა სპეციალურად ელექტროენერგიის შესყიდვას ოკუპირებული საქართველოს ნაწილისთვის. გარდა ამისა, ძალიან უცნაური ვითარებაა, რომ „ენგურჰესიდან“ გამომუშავებული ელექტროენერგიით რუსეთის სამხედრო ბაზებს ვამარაგებთ, რომელიც აფხაზეთშია განლაგებული. ეს კი უშინაარსო და უაზროა და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საკითხია, ვფიქრობ, პოლიტიკური კონსულტაციები აუცილებლად უნდა დაიწყოს,“-აღნიშნა გვიდიანმა.