შვედური საავტომობილო კომპანია Volvo-ს მფლობელი ჩინური საავტომობილო გიგანტი Geely, კიდევ ერთი ევროპული პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის, Mercedes-Benz-ის მფლობელი კომპანია Daimler-ის 3,1%-ის ყიდვას 4,7 მილიარდ დოლარად გეგმავს.
ჩინური სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში Geely გახდება რიგით მესამე Daimler-ის მეწილე კომპანია და აჯობებს Renault-Nissan-Mitsubishi Alliance-ს, რომელიც გერმანულ კომპანიაში 3.1%-ს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის Daimler-ის 70,7% არის ინსტიტუციური ინვესტორების საკუთრება, 19.4%-ს ფლობს კერძო ინვესტორების ჯგუფი, ხოლო ქუვეითის სუვერენული ფონდი 6.8%-ს.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად Daimler-მა უარით უპასუხა ჩინურ კომპანიას, თუმცა მიუთითა, რომ აქციების ყიდვა შეეძლო ღია ბაზარზე.
აღნიშნული ნაბიჯი გახლავთ კომპანია Geely-ის აგრესიული ექსპანსიის ნაწილი, რომელიც 2010 წელს Volvo-ს შესყიდვით დაიწყო და გაგრძელდა „ლონდონის ტაქსის კომპანიის“ ყიდვით 2012 წელს. მან ასევე შეიძინა ბრიტანული საავტომობილი ბრენდების Lotus-ისა და Proton-ის მსხვილი წილი. სულ ახლახან კი კომპანიამ ასევე იყიდა ამერიკული მფრინავი ავტომობილების სტარტაპი Terrafugia, რომელსაც აქვს ამბიციური გეგმა 2019 წელს გამოუშვას პირველი მფრინავი ავტომობილი.
კოკა კვირკველია