Michael Kors და Jimmy Choo ნატურალური ბეწვეულზე უარს ამბობენ

ამერიკული მოდის სახლი Michael Kors და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბრენდი Jimmy Choo საკუთარი წარმოების ტანსაცმელში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობენ.

კომპანიების განცხადებით, გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულება მომავალი წლის ბოლოსკენ მოხდება.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯონ აიდოლის განცხადებით, ამიერიდან მათ კოლექციაში ცხოველური წარმოშობის ბეწვეულს არ გამოიყენებენ. თავის მხრივ, დიზაინერმა მაიკლ კორსმა განაცხადა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიამ საკუთარ ნაწარმში გამოიყენოს სინთეთიკური მასალებისგან წარმოებული ლუქს კლასის ბეწვეული, ეს კი საშუალებას მისცემთ, სრულად თქვან უარი ბუნებრივ ბეწვზე.

„ახალი ტიპის ბეწვეულის დემონსტრირებას ჩვენ თებერვალში დაგეგმილ ჩვენებაზე მოვახდენთ“,  -განაცხადა დიზაინერმა. მოდის სახლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. მათ შორის იყო ორგანიზაცია Humane Society International.

ცნობისათვის, Michael Kors-ი არ არის პირველი მაღალი მოდის კომპანია, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ ოქტომბერში, ამის შესახებ იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ გამოაცხადა, რომელიც ასევე 2018 წლიდან აპირებს ნატურალურ ბეწვეულზე უარის თქმას. კიდევ უფრო ადრე კი ხელოვნურ ბეწვზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს Armani-ში.

კოკა კვირკველია