2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 260 000 000-დან 1 830 000 000-მდე იზრდება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სასტუმრო „რედიოსნში“ განაცხადა, სადაც ის მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მისი თქმით, ბევრი პროექტია დაგეგმილი.
„მეგზევის“ დღე 50 წელია აღინიშნება. მნიშვნელოვანი დღეა. მეგზევეების დამსახურეებაა დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს გზებზე. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ როცა საჭიროა, როცა სტიქიებია, როცა ცუდი ამინდია. რაც შეეხება პროექტებს, პროექტები ბევრი გვაქვს. 2018 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 1 260 000 000-დან 1 830 000 000-მდე იზრდება. საკმაოდ დიდი ზრდაა. 2018 წელს ვაცხადებთ 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებს, რომელიც სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. საქმე ძალიან ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ღონისძიებას ასევე დაესწრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეთურიძე. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
„2017 წელი ამ გეგმის რეალიზაციის პირველი წელი იყო და მეგზევეთა საზოგადოების 50 წლისთავზე გვინდა, რომ შევაჯამოთ გაწეული სამუშაო და მომავალი სამი წლის გეგმები გავიაროთ“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
„მეგზევის“ დღის აღნიშნვნას საფუძველი 50 წლის წინ გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა, რომელიც საგზაო დარგს 1939-84 წლებში ხელმძღვანელობდა.