საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში წელს დაახლოებით 850 მლნ ლარი დაიხარჯა

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში წელს დაახლოებით 850 მილიონი ლარი დაიხარჯა , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია გეგმაში, როგორიცაა კობის გვირაბი, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება.

"ეს წელი იყო უპრეცედენტო. დაახლოებით 850 მილიონი ლარი დახარჯა გზების დეპარტამენტმა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში. საგზაო ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა და ეს ტემპები იმედის მომცემია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამოცანები, რაც დასახული გვაქვს, ქართველი მეგზევეების მიერ იქნება სრულად დაძლეული. რაც შეეხება მომავალ წელს, აქაც ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, დაახლოებით მილიარდ ოთხასი ლარი ექნება ინდუსტრიას დასახარჯი. შემდგომ, 2019 წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი ციფრი გვექნება. ბევრი მასშტაბური პროექტია", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.