"ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის" - ამ სახელწოდებით "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში "ლურჯი ოკეანის" მიერ ორგანიზებული ვორქშოპი გაიმართა.
ღონისძიება ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეძღვნა. ამ მიმართულებით გამოცდილმა სტარტაპერებმა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებმა ისაუბრეს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე, განვითარების გზებსა და ასევე, შეცდომებზე, რომლებსაც სტარტაპები ხშირად უშვებენ.
"ლურჯი ოკეანე" - ეს არის გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მიმართულება, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნათია ზაქრაძის განმარტებით, მათი ბიზნესგამოცემების სერია სტრატაპების წარმატებას მუდმივად შეუწყობს ხელს.
"ღონიძიებას ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავენ, ასევე, სტარტაპერები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი უკვე აქვთ და მისი უფრო განვითარება და ახალ საფეხურზე გადაყვანა სურთ. მათ წარმატებული სტარტაპერები და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. აუდიტორიას მიღებული ინფორმაცია კი საქმის უფრო წარმატებით წარმართვაში დაეხმარებათ," - განმარტავს ნათია ზაქრაძე.
ვორქშოპზე საინტერესო მოხსენებითა და თემებით შემდეგი სპიკერები წარდგნენ:
• გიორგი ხოშტარია - WePark - "იდეის ფორმირება და პირველი ნაბიჯები"
• ბორის კიკნაძე - PawwwN - "როგორ ჩავფლავდეთ"
• ნათია სვანიძე - TBC სტარტაპერი - "სტარტაპი, როგორც ცხოვრების სტილი"
• ლაშა შარიქაძე - Kedari Ventures - "ასაფრენი ბილიკი სტარტაპერებისთვის"
• გაბრიელ მელივა - Memogram - "გლობალური თუ ლოკალური"
PawwwN-ის დამფუძნებელმა ბორის კიკნაძემ შეხვედრაზე სტარტაპის შექმნისა და მართვისას დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა და დამსწრეებს მისცა რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინონ საქმის მართვისას. მისი განმარტებით, წარმატების მიღწევის მთავარი სამი კომპონენტია გუნდი, ბიზნესგეგმა და მოტივაცია.
"სტარტაპმა პირველ რიგში უნდა შექმნას კარგად შეკრული გუნდი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა სფეროში ექნებათ გამოცდილება. აუცილებელია გუნდს კარგად ჩამოყალიბებული ბიზნესგეგმა ჰქონდეს. სტარტაპის ცნობადობის ასამაღლებლად აუცილებელია სწორი მარკეტინგული და პიარ აქტივობების განხორციელება. წარმატებისთვის მუდმივი მოტივაციაა საჭირო. შეცდომები ყველას მოსდის და ამ დროს მიზანდასახულობა არ უნდა დავკარგოთ," - განმარტავს PawwwN-ის დამფუძნებელი ბორის კიკნაძე.
გიორგი ხოშტარიამ ისაუბრა საკუთარ სტარტაპ WePark-ზე, რომელიც არის მობილური აპლიკაცია პარკინგის დაჯავშნის სერვისით. ხოშტარიამ აუდიოტრიას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაუზიარა ის მთავარი პუქტებიც, რაც წარმატებული სტარტაპის შექმნისთვისაა საჭირო.
"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მთავარი არის იდეა, რომელიც კარგად გაიყიდება. მისი ფორმირებისას უნდა წარმოვიდგინოთ მომავალი და ამ მომავალში დავიწყოთ საქმის კეთება. თუ მივხვდებით, რომ ეს იდეა მომავალში კარგად იმუშავებს, მაშინ უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება დღეს. იდეის მოფიქრებისას არ უნდა შევიზღუდოთ, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ლიმიტები არ არსებობს. შემდეგ უნდა შევქმნათ სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანებისგან დაბალანსებული გუნდი, რომელიც იდეის განხორციელებას შეძლებს. მესამე ეტაპი კი იდეის პროტოტიპის შექმნაა. ეს პროტოტიპი უნდა წარვუდგინოთ მომხმარებლებს და გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი, გადაიხდიან თუ არა ფულს. ამ ეტაპის წარმატების გავლის შემდეგ იწყება იდეის რეალურ ბიზნესად ქცევა," - ამბობს WePark-ის დამფუძნებელი გიორგი ხოშტარია.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ერიკ რისის წიგნის -" წარმატებული სტარტაპი" პრეზენტაცია. "ლურჯი ოკეანის" სხვა წიგნები კი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.
ლურჯი ოკეანე კვლავაც ჩაატარებს ბიზნესღონისძიებებს. დაინტერესებული პირებისთვის კი ინფორმაცია ლურჯი ოკეანის ვებგვერდსა და ფეისბუქზე განთავსდება.
ვებგვერდი: http://blueocean.palitra.ge/
ფეისბუქი: https://www.facebook.com/lurjiokeane/