„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს, - ამის შესახებ გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„ნოდარ ხადურის უწყებამ კითხვები გამოგვიგზავნა, რაზეც ჩვენმა იურისტებმა პასუხი გაუგზავნეს. ჩვენ მოვითხოვთ, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრის დაკითხვას, ასევე, მოვითხოვთ პროცესების გაშუქებას, რათა მაყურებელმა და იმ პირებმაც, რომლებიც დღეს განცხადებებს აკეთებენ, თავად ნახონ, რა ხდება რეალურად ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა შარაშიძემ.

ამასთან, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გამოძიებაზე ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანია სამართლებრივ ჭრილში მოქმედებს, რასაც მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტარების მიერ გაკეთებული შეფასებებით ხელი ეშლება. თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართება.