მიმდინარე წელს საქართველოში აქციზის გადასახადი გაიზარდა - ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ღირებულებამ 1, 7 ლარს მიაღწია.
მთავრობა აცხადებს, რომ წინასწარი ვარაუდი არ გამართლდა და აქციზის გაძვირებით თამბაქოს მოხმარება 8%-ით კი არ შემცირდა, არამედ - 15%-ით. ამის გამო, თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შესული თანხა 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლები იყო. გარდა ამისა, თამბაქოს ბიზნესში კიდევ ერთი თავისებურება გამოიკვეთა: გასულ წელთან შედარებით ადგილობრივი წარმოება გაიზარდა, ხოლო იმპორტი - შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ და იმპორტირებულ თამბაქოზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა ასე გამოიყურება: 2016 წელს ადგილობრივ წარმოებას 61 180 000 აქციზური მარკა დასჭირდა, ხოლო იმპორტს - 403 663 000. 2017 წლის ნოემბრის მონაცემები კი, ასე გამოიყურება: ადგილობრივი წარმოება - 83 563 000 მარკა, იმპორტი - 291 929 810 მარკა.
რა ხდება ამჟამად თამბაქოს წარმოებისა და რეალიზაციის მხრივ საქართველოში? - ამ საკითხზე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე - გიორგი ბახტურიძე გვესაუბრება:
გიორგი ბახტურიძე - თუ ოფიციალურ წყაროებს დავეყრდნობით, თამბაქოს ადგილობრივი წარმოება შესამჩნევად არის გაზრდილი. ჩემი აზრით, ეს სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები ზოგჯერ მანიპულაციებს მიმართავენ: ისინი ასწრებენ მოსალოდნელ გაძვირებას და წინასწარ ყიდულობენ სააქციზო მარკებს. მერე კი, რაღაც პერიოდის განმავლობაში პასიურობენ. ასე მოხდა 2005 წელს, როცა აქციზის გადასახადი 2-ჯერ გაიზარდა. თამბაქოს ინდუსტრიამ, იცოდა რა, რომ გადასახადი მოიმატებდა, სააქციზო მარკები წინასწარ, დიდი რაოდენობით შეისყიდა და მომდევნო წლისთვის შეინახა. სულ მალე აქციზის გადასახადმაც მოიმატა და 2006 წლის პირველ ნახევარში სააქციზო გადასახადები ბიუჯეტში თითქმის არ შესულა. ამ შემთხვევაშიც, უფრო მანიპულაციასთან გვაქვს საქმე და არა იმასთან, რომ მათი პროდუქციის მოხმარება შემცირდა.
-თუმცა, ოფიციალური სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ წელს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება შემცირდა.
- ბოლო 6 წელიწადში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში სპეციალური კვლევები ჩაატარა. პირველი კვლევა 2010 წელს ჩატარდა, ხოლო მეორე - 2016 წელს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ 2010 წელს თამბაქოს გავრცლება საქართველოში იყო დაახლოებით 27%, ხოლო 2016 წელს - 31% ანუ ჩვენთან ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია. ეს არის გავრცელების მაჩვენებელი, რომლის მიხედვით ევროპაში საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჩვენი შეფასებით, სიტუაცია არც წელს შეცვლილა. „თამბაქოს მოხმარება“ სულ სხვა ტერმინი გახლავთ (ანუ რამდენ სიგარეტს მოიხმარს ერთი ადამიანი) ხოლო გავრცელება - სულ სხვა. მართალია, მამაკაცებს შორის თამბაქოს მოხმარება შემცირებულია, მაგრამ ქალების სეგმენტში პირიქით მატებაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქალებში. ყოველწლიურად მწეველების ახალია არმია იწყებს მოწევას და იწყებს იმის გამო, რომ თამბაქოს ნაწარმი ჩვენთან ხელმისაწვდომია. სიგარეტის შეძენა ღერებით პატარა ბავშვსაც თავისუფლად შეუძლია.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი შემოდის, საიდან შემოაქვთ ასეთი სიგარეტი?
-გვაქვს თუ არა უაქციზო, ან უცხოურმარკიანი სიგარეტის შემოსვლის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში? - გვაქვს, მაგრამ უმნიშვნელო რაოდენობით. ბევრს ახსოვს, წლების წინ თამბაქოს ნაწარმი ტრაილერებით რომ შემოჰქონდათ სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, საბედნიეროდ, ასეთი რამ დღეს არ ხდება. თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება, როცა სიგარეტი მანქანით შემოაქვთ სომხეთიდან, ან აფხაზეთიდან. ამას არა აქვს სერიოზული გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, თანაც, ამ ადამიანებს იმხელა ჯარიმების გადახდა უწევთ, რომ საქართველოს საზღვარზე უაქციზო სიგარეტის შემოტანას აზრი არა აქვს.-ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან შემოაქვთ თამბაქოს ნაწარმი საქართველოში?
-ძირითადი ნაწარმი უკრაინიდან შემოდის, ასევე შემოდის თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება ნედლეულს, მისი ძირითადი მომწოდებელი ლათინოამერიკული ქვეყნები და ჩინეთია. ეს არის ადგილობრივი წარმოებისთვის ნედლეულის მთავარი წყარო.-საქართველოში სად მოჰყავთ თამბაქო?
-მხოლოდ აჭარაში, იქ სიგარებს აწარმოებენ, მაგრამ ეს მცირე რაოდენობაა. თამბაქოს მოყვანა ბოლო წლებში დაიწყეს ადგილობრივმა მეწარმეებმა, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ასეთია: ხელი არ უნდა შევუწყოთ წარმოებას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აზიანებს. ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანსაღი და არა - მავნე პროდუქციის წარმოება. მე სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - ხარისხიანი თამბაქო არ არსებობს, ყველა თამბაქოს პროდუქტი ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს. თამბაქოს ადგილობრივი კომპანიების მოგების მარჟა 100-150 პროცენტია, ხოლო უცხოური კომპანიებისა - 300-400%. ისინი ამ ფულს სხვების ჯანმრთელობის ხარჯზე შოულობენ. წესით, ამ კომპანიებმა კომპენსაცია უნდა გადაიხადონ ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის გამო, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მთავრობასთან. სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა, რომ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება შემცირდა და ბიუჯეტს შემოსავალი მოაკლდა. თუნდაც ქვეყანა დაიქცეს და ბიუჯეტს დიდი თანხა დააკლდეს, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა თამბაქოს შემოტანასა და წარმოებაზე თანდათან უნდა თქვან უარი, რადგან ასეთია ევროკავშირის და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია. 2040 წლამდე საქართველო თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა უნდა გახდეს.ხათუნა ჩიგოგიძე