მიმდინარე წელს, ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტების გავლით, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაზე საქართველოს 652 მოქალაქეს ეთქვა უარი.
„ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტიდან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2015-17 წლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი თქმის შესახებ. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცალკეული საკონტროლო-გამშვები პუნქტ „კიევის“ მიერ უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის მიწოდებული, ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს საქართველოს 796 მოქალაქეს ეთქვა უარი უკრაინის ტერიტორიაზე ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტების გავლით შესვლაზე; 2016 წელს - 700 მოქალაქეს, ხოლო მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში - 652-ს.
საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტების გავლით, შემდეგნაირია: 2015 წელი - 26 546 პირი, 2016 წელი - 31 212 პირი, 2017 წელი (11 თვის მონაცემი) – 31 179.