თბილისის საქალაქო სასამართლოს 110 მოსამართლეზე, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 6 189 931 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოსამართლეებმა იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგოს სახით, ჯამში, 4 225 184,02 ლარი მიიღეს. ხოლო ამავე პერიოდში, მოსამართლეებს დანამატის სახით, ჯამში, 1 964 747,38 ლარი აქვთ მიღებული.
აღსანიშნავია, რომ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მოსამართლეებს ფიქსირებული 700-ლარიანი დანამატის ნაცვლად, ხელფასის ოდენობაზე მეტი დანამატი სამჯერ აქვთ მიღებული - მარტში, ივნისსა და სექტემბერში. კერძოდ, მოსამართლეებმა მარტში, ჯამში - 405 700 ლარი, ივნისში - 486 213,74 ლარი, ხოლო სექტემბერში - 536 549,9 ლარი მიიღეს.
რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოებს, როგორც სააგენტო „ინტერპრესისთვის“ გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, მოსამართლის ხელფასი 4000-ლარიდან 5142 ლარამდე მერყეობს.
ჯამში, იანვარში მოსამართლეების ხელფასებზე 349 900 ლარი გაიცა, თებერვალში - 344 900 ლარი, მარტში - 345 500 ლარი, აპრილში - 352 681 ლარი, აქედან 23 181 ლარი დეკრეტული შვებულებისთვის არის გაცემული.
რაც შეეხება მაისს, ამავე დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეების ხელფასზე, ჯამში, 329 500 ლარი, ივნისში - 423 272,36 ლარი, ივლისში - 442 741,18 ლარი, აგვისტოში - 409280 ლარი (22 400 ლარი ერთ მოსამართლეზე გაცემული დეკრეტული შვებულების თანხაა), სექტემბერში - 405 009,54 ლარი, ოქტომბერში - 409 200 ლარი, ხოლო ნოემბერში - 413 199,94 ლარი გაიცა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეებს აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, პრემიები არ მიუღიათ.