TwoSix გუდაურის სიყვარულით დაწყებული სტარტაპია, რომელიც ორმა ქართველმა მოსწავლემ სამი-ოთხი თვის წინ შექმნა.
საუბარია 14 წლის ანო ჭარელიშვილსა და 17 წლის ჯუბა პატიაშვილზე, რომლებმაც მშობლების ნებართვით კომპანია ოქტომბერში დააარსეს და ჰუდების ონლაინ-მაღაზიაც გახსნეს.
„ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრის ერთობლივი იდეა, რადგან ძალიან გვინდოდა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის ჰუდები ყოფილიყო. თავიდან გუდაურის სიყვარულის გამო მხოლოდ ჩვენთვის უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა იმდენად პერსპექტიული იდეა იყო, რომ გადავწყვიტეთ კომპანია დაგვეარსებინა. აგვისტოს ბოლოს დავიწყეთ მუშაობა, ოქტომბერში კი უკვე ონლაინ მაღაზიაც გავხსენით. თუმცა, ასაკის გამო კომპანიის შესაქმნელად მშობლებისგან ნებართვა დაგვჭირდა და ასევე ფინანსურადაც ნაწილობრივ მშობლები დაგვეხმარნენ, რაც შეეხება უშუალოდ საქმიანობას, ყველაფერს თავად ვაკეთებთ,“-აღნიშნა ჯუბა პატიაშვილმა.
მისივე თქმით, სეზონიდან გამომდინარე ახლა მხოლოდ გუდაურისა და საახალწლო თემატიკის ჰუდები აქვთ. თუმცა, როგორც ჯუბა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ დაიწყეს კოლაბორაცია სხვადასხვა დიზაინერებთან, რომლებიც ჰუდებზე გადასატანად საკუთარ დიზაინს სთავაზობენ.
„ვისაც სურდა, რომ მისი დიზაინი ჰუდზე გადაგვეტანა გვიგზავნიდა ფოტოებს, რომელსაც ვამუშავებდით და ვბეჭდავდით. კამპანიის თითოეულ მონაწილეს ჩვენს საიტზე თავისი ხაზი აქვს. აღსანიშნავია, რომ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო და ახლაც რამდენიმე დიზიანერი დაგვემატა. ამასთან, ჩვენი მომხმარებლებისთვის საკმაოდ ცნობილია - ვილიამი, რომელიც ჩვენი გამოგონილი, არარსებული პერსონაჟია. ის არის ჩვენი თავდაჯერებულობა, იმედი, გვეხმარება, რომ რაღაცეები გადავლახოთ. „ფეისბუქზეც“ გვაქვს ჰეშთეგი „იპოვე შენში ვილიამი“ ანუ იპოვე შენი რწმენა, თავდაჯერებულობა და ა.შ.,“-ამბობს ჯუბა.
მისი თქმით, ჰუდები საქართველოში მზადდება, კერძოდ, აქ ყიდულობენ მაღალი ხარისხის სპორტულ ბაიკას და თბილისში საკუთარი დიზაინით აკერინებენ. როგორც ჯუბა აღნიშნავს, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ თავისი პროდუქცია უკვე „გალერია ქისაშიც“ შეიტანეს და სამომავლოდ, სპორტულ მაღაზიებშიც აპირებენ ჰუდების შეტანას.
„სამომავლოდ, გარდა სპორტული ჰუდებისა, გვინდა დიზაინერული ჰუდებიც დავამზადოთ. ამასთან, ვაპირებთ მომხმარებელს სეზონის მიხედვით შევთავაზოთ პროდუქცია. კერძოდ, ვფიქრობთ თხელი ჰუდების, სათვალის, მისი საწმენდების, ჩანთების წარმოებასაც. ამასთან, გვაქვს კამპანია Giving Back, რომლის ფარგლებშიც პროდუქციის ღირებულებას ემატება გარკვეული თანხა და თუ მოქალაქე ამ ფასად შეიძენს ჰუდს, დამატებულ თანხას ჩვენ ვაორმაგებთ და ეს თანხა საქველმოქმედო მიზნით გამოიყენება,“-აღნიშნა პატიაშვილმა.
რაც შეეხება ფასებს, დაპრინტული ჰუდები 86 ლარი, დაუპრინტავი კი 76 ლარი ღირს. თუმცა, ახლა საახალწლო ფასდაკლებით 76 და 66 ლარად არის მათი შეძენა შესაძლებელი.
თაია არდოტელი