„რეზონანსი" - აზარტულ მოთამაშეებს სესხის აღება უნდა შეეზღუდოთ

საქართველოში გააქტიურდა საუბარი ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში მოთამაშე ადამიანთა ბაზების შექმნაზე, რომლითაც საბანკო სექტორი ისარგებლებს.

შეიძლება თავგადაკლულ "მოთამაშეს" საკრედიტო ორგანიზაციებმა სესხი აღარ დაუმტკიცონ, რადგან ამით ისინი საკუთარ თავსა და ოჯახს აკოტრებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გამართული ბაზა, ერთი მხრივ, დაიცავს მოთამაშეებსა და მათი ოჯახის წევრებს შემდგომი პრობლემებისაგან (რასაც მათ საკრედიტო ვალდებულებები უქმნით), ხოლო, მეორე მხრივ, დააზღვევს ბანკს რისკისგან, რომ მოთამაშემ ვერ შეძლოს თანხის დაბრუნება.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ რეგულირება და კანონმდებლობის დახვეწა ამ მხრივ აუცლებელია, მაგრამ რადგან ონლაინ თამაშები თითქმის სრულად დერეგულირებულია, ეს ახლო პერსპექტივა ნამდვილად არ არის. ამიტომ ბაზის შექმნა, სადაც მოთამაშეები აღირიცხებიან და საბანკო სექტორს ამაზე წვდომა ექნება, ჯერჯერობით არ იგეგმება. ბანკები "აზარტულ რისკს" მხედველობაში არ იღებენ. შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რა წილია გაუსტუმრებელ ფინანსურ ვალდებულებებში სათამაშოდ აღებული სესხებისა.

ამ დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით დაუსრულებლად ვრცელდება ფაქტები, როცა მოთამაშე ოჯახის წევრმა ბანკიდან ვალი აიღო და ამის გამო სახლის გაყიდვა მოუწია ოჯახს ან, უარეს შემთხვევაში, ვალებისა და უსახლკაროდ დარჩენის შიშით ლუდომანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ დროისათვის დანამდვილებით არ შეიძლება ითქვას, რა შედეგი მოჰყვება ბაზების შექმნას, რადენად დაიცავს იგი მოთამაშეთა ოჯახებს ან რამდენად დააზღვევს საბანკო სფეროს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშები არის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი მიმართულება, შესაბამისად, "ფულის ამოღებაც" ძალიან ძნელია. ამ ბაზების შექმნა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან სათამაშო სფერო თითქმის მთლიანად დერეგულირებულია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ გარკვეული ურთიერთკავშირი არსებობს ბანკში ცუდ გადამხდელებსა და მოთამაშეებს შორის, თუმცა ბაზის შექმნა ჯერ ვერ მოხერხდება შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციის არარსებობის გამო.

"დღესდღეობით წარმოუდგენელია მოთამაშეთა ზუსტი სიის დადგენაც კი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სხვისი პირადობით დარეგისტრირდეს და უპრობლემოდ ითამაშოს. არასრულწლოვანი მოთამაშეები მშობლების პირადობის ნომრით არიან რეგისტრირებული, ამ დროს კი მშობელს შეიძლება არასდროს უთამაშია. თანაც, ნამდვილად არ შეიძლება გადაჭრით ვთქვათ, რომ ვინც მოთამაშეა, თავისთავად ნიშნავს, რომ ის ვერ შეასრულებს აღებულ საბანკო ვალდებულებას, ასე ნამდვილად არ არის. გარკვეული კორელაცია, რა თქმა უნდა, არის, მით უმეტეს, ვიცით, ონლაინ თამაშებისკენ რა სეგმენტია მიმართული.

დღეს ასეთი ბაზის შექმნა მხოლოდ იდეის დონეზე შეიძლება იყოს, რადგან არსებული რეგულაციები და კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ამით ბანკებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკი დააზღვიონ.

რაც შეეხება ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს, ზოგიერთ ქვეყანაში ონლაინ თამაშები საერთოდ აკრძალულია. სადაც დაშვებულია, იქ იხვეწება კანონმდებლობა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ჩვენთან მარეგულირებელი კანონიც კი არ არსებობს და რა დახვეწაზეა საუბარი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა ბაირახტარმა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ მსგავსი სიის შექმნა მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ არ დაირღვევა პერსონალური მონაცემები.

"კლიენტები როცა ანგარიშს ვხსნით ბანკებში, თანხმობას ვაწერთ ხელს, რომ "კრედიტ ინფო საქართველოს" და მსგავს ორგანიზაციებს მიეწოდოთ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური ინფორმაცია არ გაიცემა და შესაბამისი რეგულაციები იარსებებს, აუცილებელი იქნება მსგავსი ფორმულარის შევსება ონლაინ თამაშებზე რეგისტრაციის დროსაც. ამ შემთხვევაში ალბათ კარგი იქნება ბაზის არსებობა, სადაც მოთამაშეები აღირიცხებიან", - ამბობს გოჩა თუთბერიძე.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" პირდაპირ ამბობს, რომ ამ სფეროში საჭირა დიდი და მკაცრი რეგულაცია. აზარტული თამაშები არის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სფერო, შესაბამისად, ფულის "ამოღების" რისკიც მაღალია.

"ზოგადად, მომხრე ვარ ონლაინ თამაშების მკაცრი რეგულირებისა და თუნდაც მცირე ნაბიჯი, რაც ამ მხრივ გადაიდგმება, უკეთესობისკენ იქნება მიმართული. ეს სფერო დღეს სრულად დერეგულირებულია და ასე გაგრძელება შეუძლებელია. არათუ სხვისი პირადობით, არამედ საერთოდ მოგონილი სახელით და ნომრებით დარეგისტრირებაც კი შესაძლებელია ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებში. პირველ რიგში, ადმინისტრირების დონეზე უნდა მოხდეს ამის მოწესრიგება, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ დარეგისტრირება სხვისი მონაცმებით ან მონაცემების გარეშე.

რაც შეეხება საბანკო სექტორის წვდომას, არა მხოლოდ ბანკებს, არამედ ყველა საკრედიტო ინსტიტუტს უნდა მიუწვდებოდეს ხელი სპეციალურ ბაზაზე, რომ "მოთამაშეებზე" სესხი არ გასცენ აზარტული თამაშების დასაფინანსებლად. უნდა ვაღიაროთ, რომ აზარტული თამაშები არის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სფერო. დიდი ალბათობაა, რომ "მოთამაშეებმა" ნასესხები თანხა ვერც დააბრუნონ. არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია პირდაპირ აზარტული თამაშების "ექაუნთებზე" რიცხავს თანხას. ეს საერთოდ არანორმალური რამაა.

ჩვენთან ადამიანები მიიჩნევენ, რომ თამაშებით შეუძლიათ იაფი და მარტივი ფულის შოვნა. სწორედ ასე უბედურდებიან და უარეს მდგომარეობაში ვარდებიან არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახებიც, რომლებსაც ყველაფრის გაყიდვა უწევთ და რომელ სესხის გადახდაზე და საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაზეა საუბარი? ასეთ დროს ადამიანი, როგორც წესი, ისევ სახელმწიფოს მიმართავს დასახმარებლად. შესაბამისად, აუცილებელია რეგულაციები და ამის შემდეგ მსგავსი ბაზების არსებობაც", - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

თამუნა მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"