მიტოვებულ ავტოფარეხში უნიკალური ანტიკვარი იპოვეს (+ ვიდეო )

წარმოიდგინეთ, როგორ გაგიმართლებთ, როცა ძველ მიტოვებულ ფერმას შეიძენთ და მის ავტოფარეხში ძალიან იშვიათ კლასიკურ ავტომობილს აღმოაჩენთ.

ის მტვერშია ჩაფლული და პრაქტიკულად განადგურებულია, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მისი აღდგენა შეიძლება.

ამერიკის შტატ ილინოისში, მავანმა სწორედ ასეთი მიტოვებული ფერმა შეიძინა, რომლის ავტოფარეხში, 1927 წელს გამოშვებული „მარმონ მოდელ L“ აღმოაჩინა. ძველი კუპე იქ ნახევარ საუკუნზე მეტხანს მდგარა. და ალბათ ამ ფოტოებიდან და ვიდეოს ნახვითაც მიხვდებით, დრომ, უმოქმედობამ და მტვერმა რა დღეშიც ჩააგდო.

კომპანია „მარმონი“ წინა საუკუნის დასაწყისში პრესტიჟულ ავტომობილებს აწარმოებდა, რომლებიც „კადილაკის“, „ლინკოლნის“ და „პაკარდის“ მდიდრულ მოდელებს უწევდნენ კონკურენციას.

„მარმონის“ ყველაზე ცნობილი მოდელი, „სიქსთინი“ იყო, რომელიც 16-ცილინდრიანი V ტიპის ძრავით გახლდათ აღჭურვილი. თუმცა სანამ მას გამოუშვებდა, კომპანიამ პოპულარობა უფრო მცირელიტრაჟიანი, ერთრიგა 8-ცილინდრიანი „რუზველტით“ მოიპოვა. „მოდელ L“ გამაში ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილი იყო. ესეც მამოძრავებელ ძალას იმავე ერთრიგა 8-ცილინდრიანი ძრავისგან ღებულობდა, რომელიც სულ რაღაც 42 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ფერმაში აღმოჩენილი ავტომობილი „მარმონის“ ფანატს ეკუთვნოდა, ვინც ამავე კომპანიის კიდევ ერთ მოდელს ფლობდა. მოკლედ, ახალ მფლობელს ისღა დარჩენია, ნაპოვნი ავტომობილი აღადგინოს და აუქციონის გზას გაუყენოს. მისი აღდგენა იაფი არ დაჯდება, მაგრამ კარგადაც გაიყიდება... 

იხილეთ ვიდეო

წყარო: autobild.ge