„ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა ,- ამის შესახებ სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარდაცვლილთა იმ ოჯახებთან, რომლებსაც კომპენსაცია არ მიუღიათ.

როგორც კახა წერეთელმა აღნიშნა, მომხდარის გამო, საგამოძიებო ორგანოში სასტუმროს თანამშრომელთა დაკითხვა და სასტუმროში ექსპერტების მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

“სასტუმროში ექსპერტიზა და თანამშრომლების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ მფლობელები დაიკითხნენ. რაც შეეხება კომპენსაციის გაცემას, გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხელმძღვანელობის მიერ კომპენსაცია უკვე გადაეცა, ნაწილთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს“,- განაცხადა კახა წერეთელმა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე იყო. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.