საბავშვო ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობა განახევრდება, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯგუფებში ბავშვების განახევრება ახალი ბაღების მშენებლობის შედეგად, მომავალი წლიდან იგეგმება.
როგორც გვანცელაძემ განმარტა, მომავალ წელს 13 ახალი ბაღი გაიხსნება და 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება.
„მომავალ წელს 13 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება, ასევე 10 ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ბაღები ჩვენ ამ კუთხით უნდა განვტვირთოთ. თითოეული ახალი ბაღი დაახლოებით 400 ბავშვზეა გათვლილი, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა უფრო მაღალია“, - განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, წელს სააგენტომ საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა 95%-ით დააკმაყოფილა.
თბილისში 161 საბავშვო ბაგა-ბაღია, სადაც 61 000-ზე მეტი ბავშვია აღრიცხული.