შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2013 წლიდან საბანკო სესხის სახით ჯამში 1,5 მლრდ ლარი გაიცა

ამ ეტაპისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის 75 % შესრულდა. ამის შესახებ, ინფორმაციას „რეფორმეტრი“ ავრცელებს.

„რეფორმეტრის“ კვლევის მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საბანკო სესხის სახით 2013 წლიდან ჯამში 1,5 მლრდ ლარი გაიცა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების რაოდენობა მცირდება, რაც იმით არის განპირობებული, რომ მოთხოვნა მეტნაკლებად დაკმაყოფილდა და სესხის მინიმალური ზღვარი 5 000 ლარიდან 20 000 ლარამდე გაიზარდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2014 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება აგრო-ექსპორტი და არც ექსპორტიორთა რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, თხილის ექსპორტის შემცირებამ დიდი გავლენა მოახდინა მთლიანი სტატისტიკის გაუარესებაზე, რადგან მას დიდი წილი ეჭირა ექსპორტში. ამასთან, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სოფლის მეურნეობაზე

კვლავინდებურად მცირე წილი მოდის, მაგრამ მზარდია შიდა ინვესტიცების მოცულობა. 2014 წლიდან მოყოლებული გადამუშავების სექტორში უფრო მეტი რეალური დამატებული ღირებულება იქმნება, ვიდრე პირველად სექტორში,“-ნათქვამია კვლევაში.

ISET-მა Herfindahl-Hirschman Index (HHI)-ის მიხედვით გაზომა ასევე ექსპორტის დივერსიფიკაცია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელს პროდუქტებთან მიმართებით დივერსიფიკაციის გაუმჯობესება, ხოლო ქვეყნების მიხედვით შემცირება ფიქსირდება.

„აზიური ფაროსანა, სავარაუდოდ, 2018 წელსაც მთავარი გამოწვევა იქნება. ამ ვითარებაში, სამინისტრო მოსახლეობის აქტიურობას და თანამშრომლობას ელოდება და ურჩევს მცენარის მოვლასთან დაკავშირებით, სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან. ჯერ-ჯერობით, სწრაფი და ეფექტური გამოსავალი სამინისტროს ვერც უცხოელმა ექსპერტებმა შესთავაზეს, ამიტომ გრძელდება ამ კუთხით მუშაობა.

გამოიკვეთა, რომ დიდი უნდობლობა არსებობს ოფიციალური სტატისტიკის მიმართ. თითქმის ერთხმად აღინიშნა, რომ საქსტატის მონაცემები სოფლის მეურნეობის სექტორში რეალობას არ შეესაბამება და შესაძლოა მხოლოდ არსებული ტენდენციების შესახებ გვიქმნიდეს სწორ წარმოდგენას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერების მხრიდან არასწორი მონაცემების მიწოდებაც არის,“-ვკითხულობთ კვლევაში.

„რეფორმეტრი“ „აისეტის“ პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ორჯერ.