თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის “აზიის განვითარების ბანკი” 12 მილიონ ევროს გამოყოფს.
როგორც თბილისის მერია იუწყება, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - „პროექტი 5"-ის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.
მერიის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილი.
პროექტს თბილისის მერია, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ.
დღესვე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მაია ბითაძემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს.