საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, მთავრობამ არასაჯარო ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინა, რომლის მიხედვით, კომერციულ ბანკებს გარკვეული ვალდებულებები ექნებათ, ხოლო ეროვნულ ბანკს უფლება ექნება, აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები გამოიყენოს.

"ვალდებულებები ეროვნული ბანკის მიერ კანონქვემდებარე აქტის გამოცემის შემდეგ დადგინდება. რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ არაპროფილურ საქმიანობაზე დაკავშირებულ დებულებებს, კანონპროექტში ეს იმ სახითაა წარმოდგენილი, როგორც თავდაპირველად იყო. ნორმა იმას გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორზე ზედხედველობას იმ დადგენილი წესით განახორციელებს, როგორც კანონპროექტით იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.