ტარიფის ყოველთვიური დადგენა წარმოუდგენელია, თუმცა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, გამოსავალი კი მდგომარეობს იმაში, რომ გასაყიდი ბუნებრივი აირის ფასი ლარში დადგინდეს , - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ თბოელექტროსადგურების ნაწილის პრეტენზიაზე საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფზე ყოველთვიურად მოხდეს დაკორექტირება.
ირინა მილორავას განმარტებით, ოთხივე თბოელექტროსადგური ბუნებრივ აირს კომპანია „სოკარ იმპორტ ექსპორტისგან“ იღებს და ცვლილებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკება.
„თბოელექტროსადგურები ბუნებრივ აირს ყიდულობენ დოლარში, შესაბამისად განსხვადება ღირებულება ლარში გადაყვანით. ინიციატივა იყო, რომ ყოველთვიურად დაგვედგინა ტარიფი, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. ამ სიტუაციიდან არის გამოსავალი, რომ გასაყიდი ბუნებრივი აირის ფასი დადგინდეს ლარში და შესაბამისად კურსს არ ჰქონდეს გავლენა თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიის ტარიფზე. ოთხივე თბოელექტროსადგური ბუნებრივ აირს ყიდულობს „სოკარ იმპორტ ექსპორტისგან“. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბუნებრივი აირის ღირებულება არის 143 დოლარი. თუ ამ კონტრაქტში მოხდება ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც ლარში დააფიქსირებს გასაყიდი გაზის ღირებულებას, გამოდის, რომ რისკები გამყიდველ კომპანიაში დარჩება, ხოლო ის თავად მოახდენს გასაყიდი ფასის კორექტირებას ყოველი წლის ბოლოს“, - განაცხადა ირინა მილორავამ.
სემეკი-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე დისკუსია ჯერ არ შემდგარა.