გერმანია ეჭვობს, რომ Facebook-ი გერმანელი მომხმარებლების შესახებ მონაცემებს არაკეთილსინდისიერად აგროვებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარტელების ფედერალური უწყება ეჭვობს, რომ სოციალური ქსელი გერმანელი მომხმარებლების მონაცემებს აგროვებს.

როგორც Deutsche Welle რეგულატორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, Facebook გერმანელებისგან ითხოვს შეუზღუდავ წვდომას მონაცემთა შეგროვებაზე მესამე მხარის ჩართვით. მესამე მხარეში კი იგულისხმება კომპანიის კუთვნილი სხვა აპლიკაციები, მათ შორის „მესინჯერი“, WhatsApp და Instagram, ასევე ის აპლიკაციები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სოციალურ ქსელთან.

„ფეისბუქი აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს ინტერნეტ გვერდებიდან, რომელზეც მომხმარებელი გადავიდა სოციალური ქსელიდან, მიუხედავად იმისა, ის აჭერს თუ არ აჭერს ღილაკს „მომწონს“, - აცხადებს ფედერალური უწყების ხელმძღვანელი, ანდრეას მუნდტი და ხაზს უსვამს, რომ ყოველივე ეს არღვევს ევროპულ ნორმებს ამ სფეროში.

უწყება აქვე მიუთითებს, რომ ამერიკულ კომპანიას სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით დომინანტი პოზიცია უკავია გერმანაიში და მომხმარებელს რეალურად არც კი აქვს სხვა არჩევანი, ისინი ან თანხმდებიან Facebook-ის პირობებს სრულად, ან საერთოდ უარი უნდა თქვან მათზე. შესაბამისად, მსგავს პირობებში შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ მომხმარებელი აძლევს თანხმობას Facebook-ს, დაამუშავოს და შეაგროვოს მასზე იმ მოცულობის ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს.

ამ ეტაპზე ფედერალური უწყება აწარმოებს ადმინისტრაციულ მოკვლევას, ხოლო გადაწყვეტილებას 2018 წლის გაზაფხულის მიწურულს გამოაცხადებს.

კოკა კვირკველია