აშშ-ს კონგრესმა ხმათა უმრავლესობით საგადასახადო რეფორმა მიიღო.
ეს დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის, ბოლო 30 წლის განმავლობაში საგადასახადო სისტემის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას გულისხმობს.
ამერიკულმა პრესამ მას უკვე უწოდა რესპუბლიკელების პირველი მსხვილი გამარჯვება ახალი პრეზიდენტის პირობებში. როგორც Reuters–ი წერს, უახლოეს საათებში კანონპროექტს სენატში განიხილავენ და თუ იქაც მიიღებენ, ტრამპი მას ხელს დღის ბოლომდე მოაწერს.
რეფორმის ძირითადი პუნქტები კორპორაციებისთვის და კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ახლა ეს მონაცემი 35%-ს შეადგენს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზრით, ეს ამერიკულ კომპანიებს საერთაშორისო არენაზე არაკონკურენტუნარიანს ხდის. კანონპროექტის მიხედვით, გადასახადი 20%-მდე უნდა შემცირდეს, ფიზიკური პირებისთვის კი გადასახადების გადახდა უნდა გამარტივდეს.
რეფორმის ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეფორმა გამოიწვევს ქვეყნის საგარეო ვალის მორიგ ზრდას.
კოკა კვირკველია