პროფესიად ქცეული ჰობი - ასეთია „აივი დიზაინის“ (IVY Design) ისტორია, რომელიც ორმა მეგობარმა მაშკა დავლიანიძემ და ნინო ქართველიშვილმა შექმნეს.
სტარტაპის დაწყების იდეა მეგობრებს საკუთარი პატარა ზარდახშის გალამაზებით გაუჩნდათ და ასე შეიქმნა 2015 წელს სახელოსნო „აივი დიზაინი“, რომელიც უკვე ორი წელია საკმაოდ წარმატებულად ვითარდება.
„აივი დიზაინი“, რომლის პროდუქციასაც მხოლოდ ორი ადამიანი ქმნის, მომხმარებელს ვინტაჟურ და თანამედროვე დახვეწილ ავეჯს, სახლის აქსესუარებს და ტყავის სამაჯურებს სთავაზობს.
სახელოსნო მცხეთის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მზა ავეჯისა და სახლის აქსესუარების პატარა შოურუმიც არის მოწყობილი. სტარტაპის შესახებ უფრო დეტალურად „ბიზნესპრესნიუსი“ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს მაშკა დავლიანიძეს ესაუბრა.
„სტარტაპის იდეა შემთხვევით პატარა ზარდახშის გალამაზების მცდელობისას გაჩნდა. სახელიც მაშინვე დაიბადა. აივი არის მცენარე, ულამაზესი ხვეული ფოთლებით, რომელიც მოდერნის სტილის სიმბოლო იყო. ეს სტილი განსაკუთრებით გვიტაცებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სახელოსნოსთვის სწორედ ეს სახელი დაგვერქმია. „აივი დიზაინი“ უკვე ორი წელია არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ საქმე ძალიან მარტივად - პატარა ზარდახშებით დავიწყეთ, რომელიც “ფლიმარკეტზე” გავიტანეთ და დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ,“-აღნიშნავს დავლიანიძე.
Ivy Design-ის პროდუქციის შესაქმნელად მეგობრები, ძირითადად, ხეზე მუშაობენ. გარდა იმისა, რომ ავეჯს თუ აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნიან, მომხმარებლები ხშირად საკუთარი ავეჯის გადაკეთების თხოვნითაც მიმართავენ. ავეჯის რესტავრაციას კი, „აივი დიზაინი” საკუთარი სტილისა და ხედვის მიხედვით ახორციელებს.
„ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ განვავითარეთ სტილი დეკუპაჟი, რაც ნივთების გალამაზების ძალიან ძველი ტექნიკაა, დავეუფლეთ ახალ ტექნიკას ჰენდპრინტინგს, რომელიც უსასრულო
შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ხეზე ნებისმიერი ნახატი გადავიტანოთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავეჯის დაძველება ახალი მეთოდით ხდება. ვმუშაობთ ძირითადად ხეზე. რაც შეეხება ვადებს, ერთი ნივთის მოსამზადებლად დაახლოებით 20-25 დღეა საჭირო. აქსესუარები უფრო მალე მზადდება, თუმცა 10 დღე მაინც გჭირდება, რადგან ხეზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. სიძველის ეფექტის ხელოვნურად შესაქმნელად ბევრი სხვადასხვა მასალაა საჭირო, გარდა ამისა, საღებავს თავის შრობის ვადები აქვს,“-აცხადებს მაშკა დავლიანიძე.
სტარტაპერის თქმით, ცოტა ხნის იმავე ტექნოლოგიით ტყავის დამუშავებაც დაიწყეს. ამ მიმართულებით Ivy Design საქართველოში პირველია. ფასები აქ ყველასათვის ხელმისაწვდომია.
აქსესუარების შეძენა 30-40-50 ლარის ფარგლებში, ხოლო ავეჯის შეძენა 350-1800 (დიდ კარადებზე) ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
„Ivy Design- ის მიერ დამზადებული ყველა ნივთი მხოლოდ ორი ადამიანის მიერ
არის შექმნილი, დამხმარე ძალები არ გვყავს. ამ ორ წელიწადში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და ახლა უკვე შეგვიძლია გავფართოვდეთ, რისთვისაც მეტი მხარდაჭერა გვჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერში“. გვინდა, ჩვენ შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და Ivy Design უფრო წარმატებული გახდეს.
თაია არდოტელი