ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის ისეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი, რომ მძღოლებმა ერთი წლის განმავლობაში მანქანების მოწესრიგება ვერ შეძლონ.
“საქართველოში ჯამურად რეგისტრირებულია მილიონ 200 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან, რომელიც გზებზე გამოდის და რომელთაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შეეხება, დაახლოებით 900 000 მანქანაა. მათგან დაახლოებით 45% არის 10 წლიდან 20-წლამდე, ხოლო 20-წელზე მეტის არის მანქანების დაახლოებით 20%. ჩამოყალიბდა რეგლამენტი, რათა ადამიანებს სცოდნოდათ, რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი მანქანები. აქ არ არის რაღაც სასწაული თემები. დაახლოებით 600 000 მანქანა იქნება, როცა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში. მათ ერთი წლის განმავლობაში სამუხრუჭე სისტემა უნდა გამართონ. გამართული უნდა იყოს საჭის მართვის სისტემა. არ უნდა იყოს გაბზარული საქარე მინა. უნდა იყო მოწესრიგებული ძრავა გამონაბოლქვთან დაკავშირებით. ეს ისეთი კრიტერიუმები არ არის, რომლის მიხედვით ადამიანი ერთი წლის განმავლობაში მანქანას ვერ მოაწესრიგებს“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.