„რეზონანსი" - წყლით მდიდარ ქვეყანაში წყალს აძვირებენ

წყლის გაძვირება თითქმის გადაწყვეტილია.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წყლის გადასახადთან დაკავშირებით ითქვა, რომ ინვესტიციები წინასწარ ტარიფში აუცილებლად აისახება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რაზეც უკვე სპეციალისტები საუბრობენ - წყლის გადასახადის ზრდა გარდაუვალია.

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რომ წინასწარ იმის თქმა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფი, ნაადრევია და საჭიროა ყველა კომპონენტის გათვალისწინება სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას. თუმცა იმ ნაწილში, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სამწლიანი ტარიფის დადგენას შეეხებოდა, მან თითქმის დაადასტურა, რომ ცვლილება მოსალოდნელია.

"დადგინდა სამწლიანი ტარიფები პირველად ჩვენს პრაქტიკაში. წარმოდგენილი იყო 126 მილიონი ლარის ინვესტიცია, თუმცა კომისიამ შეათანხმა 114 მილიონი. ეს ინვესტიციები აუცილებლად უნდა მოხვდეს წინასწარ ტარიფში. კაპიტალდაბანდება მნიშვნელოვანია, რადგან 2018 წლიდან კარდინალურად იცვლება რეგულაციები მიწოდების საიმედოობასთან და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ანუ რამდენი ავარია შეიძლება მოხდეს, რა ხანგრძლივობის იქნება. სწორედ ამ მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესდება სანქციები.

ინვესტიციების ეს მოცულობა ტარიფზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა რა ცვლილებას გამოიწვევს, საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის დამტკიცებული თუნდაც ნორმატიული დანაკარგების ოდენობა, რაზეც ჩვენ უახლოეს სხდომებზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ფანგანმა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ გამრიცხველიანების პროცესის დასრულებამდე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა დაუშვებელია. რამდენით გააძვირებენ გადასახადს, პროგნოზი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ტრადიცია გაგრძელდება და წყლის ტარიფს კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაადგენენ, როგორც აქამდე ხდებოდა. იგი ფიქრობს, რომ გადასახადი განსაკუთრებით წყლის მწარმოებელ კომპანიებს დააწვება ტვირთად და ეს იქნება იმდენად მძიმე, რომ სამომავლოდ გარკვეული ინვესტიციების გადინებასაც გამოიწვევს.

"ტარიფი უეჭველად მოიმატებს. როგორც ვიცით, იგი იქნება სამწლიანი. ახალი მეთოდოლოგია დანერგეს, რომელიც აქამდე დაუხვეწავი იყო. ვფიქრობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს გამრიცხველიანება.

ვინმე თუ ამბობს, რომ ინვესტიციები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ხორციელდება, მთლად დამაჯერებელი არ არის. ერთი შეხედვით ასეა, მაგრამ, რეალურად, აშკარაა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, რადგან უბიძგებენ ადამიანს, არაეფექტურად მოიხმაროს წყლის რესურსი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან კომპანიები, რომლებსაც ძვირი უჯდებათ წარმოება, განსაკუთრებით მათ, რომელთა საქმიანობა წყალზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეს ითქმის მინერალური წყლების კომპანიებზე, რომლებსაც მაღალი გადასახადი მძიმე ტვირთად დააწვებათ. შეიძლება ზოგიერთი კომპანია იძულებული გახდეს, გაიტანოს ქვეყნიდან ინვესტიცია.

ახლაც იმდენად დიდია გადასახადი, მისი გაძვირება ძნელად წარმოსადგენია. პარადოქსია, მაგრამ წყლის წარმოება გაცილებით იაფი ჯდება ერაყში, ვიდრე საქართველოში, სადაც დღეს არსებული ტარიფის პირობებშიც უჭირთ გადახდა", - განმარტავს ჯგერენაია და დასძენს, რომ ხელისუფლებამ წყლის ტარიფთან დაკავშირებით ბიზნესის რეალური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს.

"არ შეიძლება ბიზნესს ამხელა გადასახადი ჰქონდეს. ვფიქრობ, სამწლიანი ტარიფის დადგენის შემდეგ კომუნალურ სექტორს აუცილებლად გაამრიცხველიანებენ. არასახარბიელო ტენდენციაა, რაც მომხმარებელზე აისახება. წყლის ტარიფი დღემდე პოლიტიკური გადაწყვეტილებით დგინდებოდა და ახლაც ასე მოხდება. აქედან გამომდინარე, წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრა, რამდენით მოიმატებს გადასახადი, თუმცა ზრდა ნამდვილად იქნება", - აცხადებს ჯგერენაია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტარიფი გაიზრდება, მაგრამ, ამასთან, შეგვახსენებენ, რომ წყალი ადგილობრივი რესურსია და, სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს. წყლის ექსპერტი, მეცნიერი პაატა გიორგაძე ვარაუდობს, რომ წყალს გააძვირებენ, რაც მთავრობამ არ უნდა დაუშვას.

"ლარის გაუფასურების გამო დღეს ფასი თითქმის ყველაფერზე მატულობს. ცვლილება წყლის ტარიფზეც რაღაც დონეზე აისახება, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად მიუღებელია. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა უფრო სწრაფად გაღარიბდება. წინა წლებთან შედარებით, ისედაც არნახულად არის ხალხი გაღარიბებული. ამ მძიმე სოციალურ ფონზე ტარიფის მცირე ცვლილებაც კი მთავრობის მიმართ უნდობლობას გამოიწვევს.

ლარის არსებული კურსის პირობებშიც კი წყლის სატარიფო პოლიტიკის გადახედვა დაუშვებლად მიმაჩნია. როგორც ექსპერტი და მეცნიერი, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გამრიცხველიანება მოითხოვს დამატებით ხარჯს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რაც მეტი ეკონომიის გაწევის საშუალებას მისცემს ხალხს და წყლის რესურსიც დაიზოგება.

საქართველოში, სადაც წყლის მდიდარი რესურსით ვიწონებთ თავს, ტარიფის ზრდაზე საუბარი არც უნდა მიდიოდეს. უკიდურეს შემთხვევაში თუ გადასახადი მოიმატებს, ის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კომპენსირებული, რათა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. მით უფრო ახლა, როცა დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მოსახლეობა გაღარიბებისკენ მიექანება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა გიორგაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"