”სითი პარკის” განმარტებით, დარღვევების გამოსწორებისთვის მერიის მხრიდან კომპანიისთვის მიცემული ვადა არ ამოწურულა და ამ საკითხზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
”ინტერპრესნიუსი” დაინტერესდა, თუ რა ნაბიჯები გადადგა კომპანია ”სითი პარკმა” მას შემდეგ, რაც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ კომპანიას დარღვევებზე მიეთითა და გამოსწორებისთვის გარკვეული ვადა მიეცა.
”შპს ”სითი პარკი“ არის მერიის ქვეკონტრაქტორი კომპანია. შესაბამისად, კომუნიკაცია, კორესპონდენცია და სამუშაო პროცესი მერიასა და კომპანიას შორის პარკირების ოპერირებასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს. მერიის მიერ გაიცა ზოგადი სახის მითითებები ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან კომპანიას მიაჩნია, რომ შპს ”სითი პარკი“ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს ჯეროვნად, აღნიშნულზე მხარეებს გააჩნიათ სხვადასხვა ინტერპრეტაცია, თუმცა ეს ლოგიკური სამუშაო პროცესია, მუდმივად იმართება სამუშაო შეხვედრები მერიისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. ასევე დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იყო სხვადასხვა საკითხი. რაც შეეხება მერიის მითითებებს, განსაზვრული ვადა არ ამოწურულა და ამ საკითხზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი”, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”შუადღის სტუდიის” ეთერში 21 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისის მერიამ "სითი პარკს" დარღვევებზე მიუთითა და გამოსწორებისთვის ვადა მისცა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში უწყება შესაბამისად იმოქმედებს.
”არსებობს გარკვეული სახის დარღვევები ”სითი პარკის” მხრიდან. ჩვენს მიერ ამ დარღვევებზე მითითება იქნა გაკეთებული, განისაზღვრა ვადა, რომელშიც კომპანიამ უნდა გამოასწოროს დარღვევები, ხოლო იმ შემთხვევეში, თუ ამას მათი მხრიდან არ მოყვება რეაგირება, შემდგომ ნაბიჯებს დავგეგმავთ კანონმდებლობის შესაბამისად”, - განაცხადა ბენდელიანმა.
წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კომპანია ქალაქიდან გაუშვან, ბენდელიანმა უპასუხა, რომ ”არ გამოირიცხება არც ერთი პასუხისმგებლობის საკითხი”.
„თუ კი ხელშეკრულების შეწყვეტაზე მიდგება საქმე, ეს იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რასაც სასამართლო გადაწყვეტს”, - განაცხადა ბენდელიანმა.